“ნაცმოძრაობის“ წევრს ოთარ სირაძესა და ახალგაზრდა მწვანეების აქტივისტს შორის ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა მიმდინარეობს

ამბროლაურში გუშინ მომხდარი ინციდენტის მონაწილე პირების გამოკითხვა მიმდინარეობს.

პოლიციის განყოფილებაში უკვე იმყოფებოდა “ახალგაზრდა მწვანეების” წევრი ნიკა ღლონტი, ის ასევე გადაყვანილი იყო ქუთაისში ექსპერტიზის ბიუროში.

ნიკა ღლონტი მომხდართან დაკავშირებით მედიასთან დეტალურად არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ მას არაფერი დაუშავებია.

მომხდარის დეტალებს იხსენებენ თვითმხილველები.

მათი თქმით, სიტყვიერი დაპირისპირება ონში აქციის დროს დაიწყო. აქციაზე პოლიტიკოსების გამოჩენამ ადგილობრივების და აქციის მონაწილეების პროტესტი გამოიწვია, რასაც უცენზურო შეძახილები მოჰყვა. დაპირისპირება მალე ამოიწურა, თუმცა, როგორც “ახალგაზრდა მწვანეების” წევრი მარიამ ფახურიძე აცხადებს, ამბროლაურში, მათ მიუახლოვდა ავტომობილი, რომელში მყოფმა პირმაც მათ არაკორექტული სიტყვებით მიმართა, მეორე შეხვედრის შემდეგ კი ავტომობილიდან გადმოვიდა, რასაც ჩხუბი მოჰყვა.

ბრალდებას არ ეთანხმებიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ოთარ სირაძე და მისი ძმა დავით სირაძე. მათი თქმით, ახალგაზრდები მათი მისამართით იგინებოდნენ, რის „გამოც მათ შენიშვნა მისცეს და უთხრეს, რომ არ იყო კარგი უცენზურო სიტყვებით საუბარი“.

როგორც ოთარ სირაძე იხსენებს, ამის შემდეგ აქტივისტები მის სახლთან მივიდნენ, სადაც ინციდენტი გაგრძელდა. ის მისი მხრიდან ფიზიკურ დაპირისპირებას არ ადასტურებს და მომხდარს “ქართულ ოცნებას” უკავშირებს. ოთარ და დავით სირაძეები პოლიციაში გამოკითხვაზე ჯერ არ მისულან, მათ უწყება დღეს ჩაბარდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 239-ე მუხლით დაიწყო.

Facebook Comments

ახალი დადებული