2006 წელს „ციხის ბუნტის“ დროს არა შვიდი, არამედ რვა პატიმარი დაიღუპა – ელენე თევდორაძე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ელენე თევდორაძე აცხადებს, რომ „ციხის ბუნტის“ დროს არა შვიდი, არამედ რვა პატიმარი დაიღუპა.

ელენე თევდორაძემ „ციხის ბუნტის“ დეტალები გაიხსენა. როგორც თევდორაძე საქართველოს პირველ არხთან საუბრისას იხსენებს, ციხის ბუნტი ღამით დაიწყო და მას ამის შესახებ პატიმრებმა შეატყობინეს.

„ციხის ბუნტის“ ღამეს, სადღაც 01:30 საათზე პატიმრებმა დამირეკეს. მითხრეს, რომ ასეთი ტერმინია – ავიღეთ ციხე, მაგრამ შემოყვანილია ჯარი, გვიშველეთ, რომ არ გვესროლონ. რა თქმა უნდა, ვთხოვე ჩემს შვილს და ერთად წავედით ყოფილ #5 იზოლატორში. იქ რომ მივედით, დაგვხვდნენ მერაბიშვილი და ადეიშვილი, ასევე იყო შავებში ჩაცმული შინაგანი ჯარი, თუ ჩვეულებრივი ჯარი. მე შევთავაზე ვანო მერაბიშვილს, რომ შევიდოდი ციხეში შიგნი, დაველაპარაკები პატიმრებს და ისინი შევიდოდნენ საკნებში, რადგან პატიმრებმა თვითონ მითხრეს, რომ თუ თქვენ მოხვალთ ჩვენ შევალთ საკნებშიო. ამ დროს სოზარიც გამოჩნდა. ჩვენ ვაპირებდით შიგნით შესვლას მე დ სოზარი, ამ დროს მოვარდა ადეიშვილი და კატეგორიულად გვითხრა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეხვიდეთ, რადგან თქვენ შეიძლება მძევლად აგიყვანონ და ჩვენ რა გვეშველებაო.

მე ვუთხარი, რატომ უნდა აგვიყვანონ, სულ არ მეშინია ამის თქო. არ შეგვიშვეს. ვანო მერაბიშვილმა თვითონ წამომიყვანა ბაჩო ახალაიას კაბინეტში. მე ბაჩო ახალაია მაშინ არ მინახავს. ჩვენ იქ ვიყავით და ვეხვეწებოდი ვანოს, რომ არ ესროლოთ პატიმრებსთქო. მან მითხრა, ნუ ნერვიულობ, არ ვესვრითო. ამ ლაპარაკის დროს, კაბინეტში შემოვიდა ბაჩო ახალაია, ადეიშვილი და ბოკერია. ისინი მერაბიშვილთან შევიდნენ კაბინეტის გვერდით, კიდევ რაღაც პატარა ოთახი იყო და იქ. იქ შევარდნენ, დამტოვეს მარტო, ცოტა ხანში ყველანი ერთად გამოვარდნენ და ცოტა ხნის შემდეგ, უკვე სროლა დაიწყო. ამის თვითმხილველი ვიყავი მე“, – განაცხადა ელენე თევდორაძემ.

მისივე თქმით, „ციხის ბუნტთან“ დაკავშირებით, პროკურატურაში დაიკითხა და იმ დროს ციხის დირექტორი დაკავებული იყო.

„მე მგონი, კიდევ რამდენიმე თანამშრომელი იყო დაკავებული. ყველა ამბობს, რომ შვიდი პატიმარი იყო დახვრეტილი. დაიღუპა მაში არა შვიდი, არამედ რვა პატიმარი. როდესაც უკვე ყველაფერი დაწყნარდა და სროლა დამთავრდა, ერთ-ერთი კამერა არ იყო დაკეტილი და იქიდან გამოვიდა პატიმარი, რათა ენახა რა ხდებოდა დერეფანში და პირდაპირ დამიზნებით მას ესროლეს. მე დამირეკეს დილის 06:00 საათზე და მითხრეს, რომ დერეფანში არის დაჭრილი პატიმარი, რომელიც სისხლისგან იცლება და არავინ ეხმარება, მაშინვე დავრეკე ციხის საავადმყოფოში, დაველაპარაკე მთავარ ექიმს, აღმოჩნდა, რომ ზარი იყო ნამდვილი, წამოიყვანეს ეს პატიმარი, მაგრამ დაიცალა სისხლისგან და გარდაიცვალა. მერე გავიგე, რომ ორი დღის შემდეგ, ეს პატიმარი უნდა გამოსულიყო ციხიდან. ამთავრებდა თავის საპატიმრო ვადას.

როგორც კი „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, მე დავიკითხე პროკურატურაში სხვადასხვა ეპიზოდზე, პირველი იყო „ციხის ბუნტის“ საქმე. მაშინ ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი იყვნენ დაკავებულები. რვა საათის განმავლობაში ვიკითხებოდი და დაწვრილებით დამკითხეს. გავიგე, რომ ბოკერიაც იყო ამ საქმეზე გამოძახებული პროკურატურაში, თუმცა რა ჩვენება მისცა, მე არ ვიცი“, – განაცხადა ელენე თევდორაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული