ეროვნული გამოცდები დაიწყო (ფოტო)

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტრაცია დაიწყო. საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. საგამოცდო ცენტრები 08:00 საათზე გაიხსნა. აბიტურიენტები კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით გადიან რეგისტრაციის პროცესს.

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციისა და დაცვის პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც აბიტურიენტების მიერ წესების დაცვას უზრუნველყოფენ. საგამოცდო ცენტრის ეზოში შესვლის შემდეგ აბიტურიენტები რიგში დისტანციის დაცვით, მონიშნულ ადგილებზე დგებიან. მათ ასევე მოეთხოვებათ პირბადის ტარება.

საგამოცდო ცენტრებში შესვლამდე აბიტურიენტებს უტარდებათ თერმოსკრინინგი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50 პროცენტზე.

„თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება მინიმუმ ორი მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – ერთ მეტრზე მეტი“, – აღნიშნავენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა ეროვნული გამოცდების ჩატარების დაზუსტებული წესები. მთავრობის გადაწყვეტილებით, აბიტურიენტს გამოცდის დროს პირბადის მოხსნის საშუალება ექნება, გარკვეულ პირობებში შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვაც.

წყარო: 1ტვ

Facebook Comments

ახალი დადებული