როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში – რას წერს BBC გამყრელიძის, იმნაძისა და ცერცვაძის შესახებ

საქართველო ევროკავშირის იმ 15 არაწევრ ქვეყანას შორისაა, რომელსაც ევროკავშირი საკმარისად უსაფრთხო ქვეყანად თვლის იმისთვის, რომ საზღვრები გაუხსნას. ეს ერთადერთი ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა, რომელმაც ეს სტატუსი მოიპოვა, – ამის შესახებ აღნიშნულია სტატიაში, რომელსაც BBC-ი აქვეყნებს. სტატიაში, სახელწოდებით : „როგორ დაეხმარა სამი მუშკეტერი საქართველოს ვირუსთან ბრძოლაში“- აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატების გამო აქებენ მეცნიერთა ჯგუფს, რომლებსაც „სამ მუშკეტერს“ უწოდებენ.

სტატიაში საუბარია იმ ღონისძიებებზე, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში განახორციელა, მათ შორის აღნიშნულია სკოლების, უნივერსიტეტების, არა აუცილებელი ბიზნეს ობიექტების დახურვა, საგანგებო მდგომარეობის შემოღება, შიდა გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესება და „კომენდანტის საათის“ დაწესება.

„საქართველოს დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორია რუსული დეზინფორმაციის გამუდმებული სამიზნე იყო. მას აშშ-ის საიდუმლო ბიოლოგიური იარაღის პროგრამაში მონაწილეობაში ადანაშაულებდნენ, მაგრამ მისი მეცნიერები სათავეში ედგნენ ქვეყნის ბრძოლას პანდემიის წინააღმდეგ“, – ვკითხულობთ სტატიაში.

BBC-ი წერს, რომ მეცნიერთა ეს ტრიო შედგება ამირან გამყრელიძის, პაატა იმნაძისა და თენგიზ ცერცვაძისგან.

„საქართველოში დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის მეცნიერებმა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო დიდი პატივისცემა დაიმსახურეს. ვინ არიან ეს მუშკეტერები? ეს ტრიო შედგებოდა დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის, მთავარი ვირუსოლოგის პაატა იმნაძისა და თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძისგან. კიდევ ერთი პოპულარული ფიგურა მარინა ეზუგბაია იყო, რომელიც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორია,“- აღნიშნულია სტატიაში.

BBC-ი წერს, რომ ქვეყნისთვის დიდი ტესტი იყო აღდგომის დღესასწაული. არსებობდა შიში, რომ ღამის საეკლესიო მსახურებას ათასობით ადამიანი დაესწრებოდა, თუმცა საზოგადოებამ მეცნიერების რჩევა გაითვალისწინა და სახლში დარჩა.

Facebook Comments

ახალი დადებული