საქართველოს მასშტაბით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 გრადუსამდე ტემპერატურის გამო 2 აბიტურიენტი არ დაუშვეს

საქართველოს მასშტაბით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2 აბიტურიენტი არ დაუშვეს. მათ 38 გრადუსამდე ჰქონდათ ტემპერატურა და არ აღმოაჩნდათ PCR-ტესტი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განუცხადა.

მისი თქმით, გამოცდებზე აბიტურიენტთა 93% გამოცხადდა, სარეზერვო სივრცეში კი 4 აბიტურიენტია.

„უკვე ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს გამოცდა. ამ ეტაპზე ვიცით, რომ 93% გამოცხადდა. დაგვიანების 2 შემთხვევა გვაქვს. სარეზერვო სივრცეში 4 აბიტურიენტია. რაც შეეხება ტემპერატურის პრობლემას, საქართველოს მასშტაბით, 2 აბიტურიენტი არ დაუშვეს. მათ 38 გრადუსამდე ჰქონდათ ტემპერატურა და არ აღმოაჩნდათ PCR-ტესტი.

წინა წლებში მოხსნის ფაქტები ძირითადად ტელეფონის და დამხმარე მასალის შეტანის გამო იყო. ამ ეტაპზე ასეთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

175 სკოლის საგამოცდო ცენტრში იყო ემოციურ ფონზე ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევა. თუმცა, ექიმმა ჩვეულებრივ საგამოცდო ცენტრში დაშვების გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

მისივე თქმით, კონდიციონერი რამდენიმე საგამოცდო ცენტრშია ჩართული და შესაბამისად, იქ აბიტურიენტებმა პირბადეები გაიკეთეს.

დღეს აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. ქვეყნის მასშტაბით სულ 24 საგამოცდო სივრცეა მოწყობილი.

Facebook Comments

ახალი დადებული