გიდასტურებთ, რომ შაქარაშვილის საქმეზე ჩვენებებში გარკვეული წინააღმდეგობა არის, მაგრამ ადამიანები გარემოებებს ინდივიდუალურად აღიქვამენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, თუკი დადგინდება, რომ მოწმეებმა არასწორი ჩვენებები შეგნებულად მისცეს, აღნიშნულს სამართლებრივი შეფასება მიეცემა.

როგორც ბორცვაძე განმარტავს, გარემოებებს ყველა ადამიანი განსხვავებულად აღიქვამს და ეს გასათვალისწინებელი გარემოებაა.

„გიდასტურებთ, რომ გარკვეული წინააღმდეგობა ჩვენებებში არის, მაგრამ ეს საგამოძიებო მოქმედებებით უნდა იქნას შეფასებული. თუ დადასტურდა, რომ რომელიმე მოწმემ შეგნებულად მართლმსაჯულების ხელისშეშლის მიზნით არასწორი ჩვენება მისცა, ბუნებრივია, ამაზე მსჯელობას ვიქონიებთ, მაგრამ ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური, ამ ფაქტორსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. რა თქმა უნდა, მე ხელს არავის დავაფარებ ამ საქმეზე და ზოგადად, არცერთ საქმეზე. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და გარემოებებს ინდივიდუალურად აღიქვამს, ამიტომ ვამბობ, გასამიჯნია – ეს სხვაობები ჩვენებებში თუ არის შეგნებულად მართლმსაჯულების ხელისშეშლის მიზნით განხორციელებული, რა თქმა უნდა, ამას შესწავლა და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება სჭირდება“, – განაცხადა ბორცვაძემ.

კითხვაზე, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენება, რომლის მიხედვითაც, ის კონფლიქტში ჩართულ პირებს არ იცნობდა და რომ ის დასავლეთიდან ე.წ. ავტოსტოპით მოდიოდა, არის თუ არა, მიზანმიმართული სიცრუე, ვლადიმერ ბორცვაძე პასუხობს, რომ „მსგავსი კითხვები სპეკულირებაა“.

„მსგავსი კითხვები არის ცალსახა სპეკულირება, მაგრამ გამოძიებით ირკვევა, რომ იაკობ ბრეგვაძე, სადაც შეიკრიბნენ და წვეულება სადაც იყო, იქ მყოფ პირებს არავის იცნობდა. მათთან ერთად წამოვიდა, გეთანხმებით. დაპირისპირებას რაც შეეხება, ჩვენებებს და კონკრეტულ გარემოებებს მე არ ვიცნობ, მე არ ვარ ამ საქმის გამომძიებელი. რა თქმა უნდა, კითხვები არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით და გასავლელია, მაგრამ ყველა ადამიანი ინდივიდუალურად აღიქვამს, შეიძლება იმ დღეს გაიცნო, მაგრამ გამოძიებით დასტურდება, რომ ამ ადამიანს ამ ფაქტამდე, ამ დღემდე ამ ხალხთან შეხება არ ჰქონია და ნაცნობობა არ აკავშირებდა“, – აცხადებს ბორცვაძე.

Facebook Comments

ახალი დადებული