სასამართლომ გია უდესიანი პატიმრობაში დატოვა

ქონების იძულებით გადაფორმებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე ბრალდებული გია უდესიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიება დღევანდელ პროცესზე გადაისინჯა. რაც შეეხება საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულს და ზაზა გუგავას, მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული.

ბრალდების მხარე გია უდესიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებას მოითხოვდა, ხოლო დაცვა აღკვეთის გაუქმებას. ასევე დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო. პროცესზე დაზარალებულ ემზარ ლიპარტელიანის ოჯახის წევრი დაიკითხა.

„მოწმემ დაადასტურა, რომ ემზარ ლიპარტელიანის მიმართ აგრესიულ ქცევას ჩემი დაცვის ქევშ მყოფები არ ავლენდნენ. უფრო მეტიც, მან დაადასტურა, რომ საქმიანი შეხვედრა სურდათ ემზარ ლიპარტელიანთან ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს. შესაბამისად, ბრალდების ვერსია, რომ ადგილი ჰქონდა რაიმე დანაშაულს, დღევანდელი ჩვენებით არ დასტურდება. უფრო მეტიც, მან დაადასტურა, რომ პოლიცია იყო საქმის კურსში, კონკრეტულად გამომძიებელზეც მიუთითა, ასევე ახსენა, რომ ემზარ ლიპარტელიანს ჰქონდა სრული კომუნიკაცია საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებთან. აქედან გამომდინარე, საუბარი, რომ უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას ჰქონდა ადგილი, არის მცდარი“, – განაცხადა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.

„მოწმე იყო დაზარალებულის ნათესავი. მან დაადასტურა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ ის, რომ ბრალდებულებმა დაზარალებული იძულებით წაიყვანეს ქალაქ ქუთაისში და უკანონოდ დაათმობინეს შპს-ის წილი. მოწმემ ასევე კატეგორიულად დაადასტურა, რომ ბრალდებულის ქმედებებით მოხდა. მოწმეს დაუკავშირდა დაზარალებულის მეგობარი, რომელმაც აცნობა, ემზარ ლიპარტელიანი იძულებით იქნა წაყვანილი მისი კუთვნილი აფთიაქიდან. ამის შემდეგ მოწმე შეეცადა, გაერკვია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ესაუბრა დაზარალებულს, რომელმაც განუცხადა, რომ ის წაყვანილი ყავდათ და იძულებით დაათმობინეს წილები, აღუკვეთეს თავისუფლება. ასევე მოწმემ განმარტა, რომ ასევე იძულებით დაათმობინეს მისი წილი საწარმოში“, – განაცხადა პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ.

საქმეზე ბრალდებულ გია უდესიანსა და ზაზა გუგავას ბრალდების მხარე უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებას ედავება. გია უდესიანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. საქმეში ფიგურანტ მეორე პირს, ზაზა გუგავას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიანი გირაოა გამოყენებული.

Facebook Comments

ახალი დადებული