დღეს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 42 გრადუსს მიაღწევს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ივლისამდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა.

7 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 40, 42, მთიან რაიონებში 35, 37, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33, 35 გრადუსს მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოში 7-8 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 34, 39, მთიან რაიონებში კი 29, 34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება, რომ ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ტყის ხანძრების გაჩენას.

8 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 11 ივლისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება. დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“,- აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

Facebook Comments

ახალი დადებული