სასტუმრო „შალე მესტია“ – ხარისხის შენარჩუნებისთვის მთავარია გიყვარდეს, რასაც აკეთებ

პანდემიის გამო დაზარალებული ტურიზმის სფეროს გამოსაცოცხლებლად, დღეს განსაკუთრებული როლი აქვს შიდა ტურიზმს. შეძლებენ თუ არა წელს საზღვარგარეთ მოგზაურობას საქართველოს მოქალაქეები, ჯერ ისევ ბუნდოვანია, ამიტომ, ორიენტაცია სწორედ ადგილობრივ კურორტებზე კეთდება.

სვანეთში მოგზაურობის მსურველებს მესტიაში, ჭელიძეების მამა-პაპისეული სახლის ადგილზე, მაღალი კლასის სასტუმრო, „შალე მესტია“ ელოდება. ოჯახის გადაწყვეტილებით, სასტუმროს მშენებლობისას, ისტორიულ- მეხსიერებითი და დეკორატიული თვალსაზრისით, გამოყენებულია ძველი სახლის ფრაგმენტები, რაც ინტერიერს ტრადიციულ ფონს უნარჩუნებს.

როგორც სასტუმროს მენეჯერი ეკა ხურციძე ამბობს, მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო და დეკემბრის მიწურულს „შალე მესტიამ” პირველ დამსვენებელს უმასპინძლა. მისივე თქმით, პრიორიტეტად სტუმრებისთვის მყუდრო გარემოს შექმნა და უმაღლესი სერვისი დაისახეს.

ეკა ხურციძე: ძირითად ამოცანას უცხოელი ვიზიტორებისთვის ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა წარმოადგენს, რაც ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას უწყობს ხელს. ასევე, ადგილობრივი დამსვენებლებისათვის საქართველოს ძირძველი კუთხის, სვანეთის უკეთ გაცნობა. ვიზიტორების დადებითი შეფასებების საშუალებით სასტუმროს ცნობადობა გაიზარდა და სულ მალე როგორც უცხოელ, ასევე ქართველ დამსვენებლებს შორის პოპულარული გახდა.

პანდემიის დაწყებამდე ზაფხულის და ზამთრის სეზონის პერიოდში სრული დატვირთვით ვმუშაობდით, ვიღებდით ჯგუფურ და ინდივიდუალურ ჯავშნებს. მუშაობის მცირე პერიოდში ჩვენს სასტუმროს 55-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესტუმრა..

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაზაფხულის სეზონზე სასტუმრო არ ფუნქციონერებდა. 23 ივნისს გავიარეთ სტანდარტული სანიტარული შემოწმება და შესაბამისად, ფუნქციონერებაც დავიწყეთ. უკვე გამოჩნდნენ პირველი სტუმრები, რაც ძალიან გვახარებს.

– არის ისეთი რეგულაციები, რომლებიც ბიზნესს ხელს შეუშლის?

-საერთაშორისო მიმოსვლაზე დაწესებული რეგულაციები შესაძლებლობას არ მოგვცემს ვუმასპინძლოთ უცხოელ და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც 2020 წლის ზაფხულის გატარებას სვანეთის ულამაზეს და უნიკალურ რეგიონში გეგმავდნენ. რაც შეეხება სასტუმროს მუშაობისთვის გაწერილ რეგულაციებს, სრულიად მივესალმებით და გვჯერა, რომ მაქსიმალური უსაფრთხოება არა მხოლოდ კორონა პერიოდის პირობებში არამედ ჩვეულებრივ სიტუაციაშიც აუცილებელია.

-სასტუმრო ზამთარშიც ფუნქციონირებს?

– სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის სვანეთი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. სვანეთში არის ორი სამთო-სათხილამურო ტრასა. თეთნულდის და ჰაწვალის სათხილამურო ტრასები უმაღლეს მსოფლიო სტანდარტებს შეესაბამება. აქ თქვენ მოგემსახურებათ ყველაზე თანამედროვე საბაგირო გზები და სხვადასხვა სირთულის სათხილამურო ტრასები, რომლებსაც მუდამ ამუშავებენ ასევე თანამედროვე სატკეპნი ტექნიკით. ზამთარში ჩამოსულ დამსვენებლებს თხილამურებით სრიალისა და სხვა სპორტული აქტივობების შემდეგ შეუძლიათ სვანეთის უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას გაეცნონ, მოინახულონ მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი, კოშკ-მუზეუმები, დააგემოვნონ მინერალური წყლები.

-სასტუმრო საკმაოდ მაღალი დონისაა, რთულია ასეთი ხარისხის შენარჩუნება მესტიაში?

– დიდი შრომა და ენერგია ჩაიდო იმისთვის, რომ ჩვენი სტუმრებისთვის მაღალი დონის სერვისი და სასიამოვნო გარემო შეგვექმნა. ხარისხის შენარჩუნებისთვის მთავარია გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ და ამით სიამოვნებას იღებდე. სამწუხაროდ, გაზის კომუნიკაციები გაყვანილი არ არის, ელექტრო ენერგია კი უწყვეტად მოგვეწოდება. განათება და გათბობა, ორივე ელექტრო ენეგიით მიიღება. თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის და ჩვენი სტუმრების კომფორტისთვის მუდამ მზად არის მძლავრი დიზელ-გენერატორი.

Facebook Comments

ახალი დადებული