ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს მოქალაქის დაჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ძალების მიერ, საქართველოს მოქალაქის დაჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) გუშინ, მის მიერვე მართული ცხელი ხაზის ინტენსიურ რეჟიმში გამოყენებას ადასტურებს, რაც ე.წ. ადმინისტრაციულ ხაზთან საქართველოს მოქალაქის დაკავებასა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრას უკავშირდებოდა.

მისია ხელს უწყობს შესაბამისი ინფორმაციის გაცვლას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყურადღებით დააკვირდება სავარაუდო სროლის ინციდენტს და შემდგომ დაკავების საკითხს.

ამ კონტექსტში, მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების სწრაფი განახლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, როგორც ნდობია აღდგენისა და დიალოგისთვის საჭირო შესაბამის პლატფორმას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამ დროისთვის ზაზა გახელაძის ოჯახისთვის ცნობილია, რომ სამედიცინო დახმარების შემდეგ, დაკავებული ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს. ზაზა გახელაძის ოჯახში ადასტურებენ, რომ მას 2 სანადირო თოფი აქვს ოფიციალურად გაფორმებული და გუშინ, ერთ-ერთი თან ჰქონდა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლია გიგაური გუშინ  აცხადებდა, რომ რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან, მსხვილოს ციხის მიმდებარედ სოფელ ქვემო ჭალას მკვიდრი კაცი ჯერ დაჭრეს და შემდეგ გადაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მისი თქმით, დაჭრილი ახალგორის საავადმყოფოში იმყოფებოდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საგარეო უწყება საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრის ფაქტს მორიგ სახიფათო პროვოკაციად აფასებს. სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, მკაცრი შეფასება მისცეს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებს და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების აღსაკვეთად“.

Facebook Comments

ახალი დადებული