ვახო ჩიქოვანის ადვოკატი: ბრალის დამძიმებას არ ველოდებით

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირების, ვახო ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატის არჩილ ბერიანიძის განცხადებით, დაცვის მხარე ბრალის დამძიმებას არ ელოდება.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილთან ფიზიკური შეხება არ ჰქონიათ. ბრალის დამძიმება პროკურატურის კომპეტენციაა, თუმცა, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში არ გვაქვს ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შესაბამისი ერთობლიობა, შესაბამისად, ჩვენ ბრალის დამძიმებას არ ველოდებით”, – აღნიშნა ადვოკატმა

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, ადვოკატი მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ერთ-ერთი ვერსიით, ვახო ჩიქოვანი იმ პირებს შორისაა, ვინც მსხვერპლს ბოლომდე მისდევდა.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული. მათ ბრალი ჯგუფურად დანაშაულის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით ედებათ.

10 ივლისს პროკურატურამ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომლის თანახმად გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გამოძიებას დამამძიმებელ გარემომებებში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლი დაემატა.

ამავდროულად, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

Facebook Comments

ახალი დადებული