აკუსტიკურ ხმაურზე შესაძლოა, სანქციები გამკაცრდეს

ლეო ქიაჩელისა და გიორგი ახვლედიანის ქუჩების მცხოვრებლებმა პარლამენტს წარუდგინეს საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხს ეხება,-ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობა პარლამენტს აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების განმეორებით ჩადენაზე, ჯარიმების გზარდას სთხოვს.

„ წინადადების ავტორები გვთავაზობენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, კერძოდ, დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივ-საჯარო დაწესებულების ქონებაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების განმეორებით ჩადენისთვის განსაზღვრული ჯარიმების გაზრდას. შესაბამისად, ეს არის გამოწვევა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის განმარტებით, თბილისის მერია აღნიშნული საკითხების მოწესრიგების თვალსაზრისით აქტიურად მუშაობს, მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებიც საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებას საჭიროებს.

„ჩვენ შეგვიძლია კომიტეტის, ყველას სახელით, დავეთანხმოთ ამ წინადედაბას და ავიღოთ პასუხისმგებლობა, რომ დავაინიცირებთ ამას პროექტის სახით. ჩვენ მერიასთანაც გვექნება დამატებითი კონსულტაცია და კანონპროექტის სახით შეგვეძლება უკვე დავაინიციროთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის წევრმა ისკო დასენმა განაცხადა, რომ ცვლილებები მხოლოდ ბარებს არ უნდა შეეხოს.

„ნამდვილად, ეს უკვე გახდა დიდი პრობლემა თბილისში, თუნდაც ახალგაზრდები იკრიბებიან, ხმაურია, გინება, ბავშვები არიან სახლში, რესტორნებია, ეს გახდა პრობლემა და ალბათ ამაზე საჭიროა ნორმალური კანონპროექტის შემუშავება და მიღება“, – განაცხადა ისკო დასენმა.

ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მიზანშეწონილია, გადაიხედოს სანქცია აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების განმეორებით ჩადენაზე.

„მიზანშეწონილია, გადაიხედოს სანქცია აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, რათა ჩვენი საზოგადოების ინტერესები მაქსიმალურად დავიცვათ.

აქედან გამომდინარე, გთავაზობთ, მხარი დავუჭიროთ, ხოლო შემდეგ, როცა კანონპროექტს დავაინიცირებთ, დეტალურად ვიმსჯელოთ, როგორი ფორმით მოხდება და როგორი იქნება სანქცია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული