ხვალ art cafe-ში კარანტინის პერიოდში შექმნილი, ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა

ხვალ, 14 ივლისს, 18:00 სთ-ზე, მშრალი ხიდის მიმდებარედ, კაფე-ბარ ,,არტ კაფეში” მოეწყობა ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა „ჩემები“.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა, მაკა ჭაჭიაშვილმა „ინფო ფოსტალიონთან“ საუბრისას განაცხადა, გამოფენა განსაკუთრებით საინტერესოა იმით, რომ ძირითადად, კარანტინის პერიოდში შექმნილი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. 

მისივე თქმით, გამოფენა-გაყიდვის იდეა გაჩნდა ფეისბუქჯგუფში, სახელად „ჩემები“, სადაც ჯგუფის წევრები კარანტინის დროს თავიანთი ნამუშევრების ფოტოებს ერთმანეთს უზიარებდნენ. სწორედ ამიტომ დაერქვა გამოფენას „ჩემები“.

„წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ნამუშევრები – გრაფიკული და ფერწერული ნახატები, ასევე ხელნაკეთი ნივთები, სამკაულები, რომლებიც ჩვენი ჯგუფის წევრებმა კარანტინის პერიოდში, სახლებში ყოფნისას შექმნეს. გამოფენა იმითაც არის საინტერესო, რომ ბევრ ნამუშევარში პანდემიასთან დაკავშირებული განცდებია გადმოცემული. ნახავთ ასევე ერთ-ერთი მხატვრის მიერ შექმნილ სერიას, რომელზეც ასახულია ერთი წყვილის ისტორია. ნახატების სერიის პერსონაჟები ეპიდემიას გაურბიან და რეტრო, პანდემიისგან თავისუფალ რეალობაში მოგზაურობენ. გაიყიდება ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ გამოყვანილი ყვავილების ნერგები“,-აცხადებს მაკა ჭაჭიაშვილი.

​გამოფენა მოეწყობა ღია სივრცეში, ცოცხალი მუსიკით, ყველა რეგულაციების გათვალისწინებით.  
მისამართი: მშრალი ხიდის მიმდებარედ 9 მარტის ბაღი გალერეა დემასთან. წარმოდგენილი იქნება ირინა მელიქიშვილის, სოფიო სალუქვაძის, მარიკა ხიდირბეგიშვილის, მაია მაჭავარიანის, ირმა ვიბლიანის, ნატალია ფორჩხიძის, ლელა მეშველიანის, ნუცა დუჩიძის, ნინო გურჯიშვილის, ნინო შუბლაძის, დავით ქოიავას და თაკო რუხაძის ნამუშევრები.

გთავაზობთ რამდენიმე ნამუშევრის ფოტოს.

Facebook Comments

ახალი დადებული