როგორც ფსიქიატრს, მესმის- განწყობა ტვინში ბლოკავს კრიტიკას და სრულიად უკრიტიკოდ უჯერებენ სასურველ ტელევიზიებს

ექიმი ფსიქიატრი დავით გადელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც საქართველოში, ტენდენციურ ტელეკომპანიებს ეხება.

მისი თქმით, მაყურებელი თავად ირჩევს ტელევიზიას და შემდგომ, უკრიტიკოდ იღებს მისთვის სასურველ ინფორმაციას.

ფსიქიატრი ამბობს, რომ ასეთი ადამიანების მიმართ მოწოდება, კრიტიკულად შეხედოს ინფორმაციებს, იგივეა, რომ ნარკომანი ან პარანოიკი დაამუნათო. თუმცა მისივე თქმით, ეს მოვლენა საშიში არ არის იმ წუთამდე, სანამ ტელევიზიიდან არ მოითხოვენ ძალადობას.

„კვლავ მინდა დავუბრუნდე ტელევიზიების თემას. ეს საკითხი მჭიდროდაა დაკავშირებული ფსიქოლოგიასთან. ისეთი ადამიანები იკვეხნიან, რომ უყურებენ “ჭეშმარიტ” ტელევიზიას და არა “სხვა ტენდენციურს”, რომ ძალიან გამიკვრდა – მათი ინტელექტიდან გამომდინარე. თუმცა, როგორც ფსიქიატრს მესმის- გარკვეული განწყობები ტვინში ბლოკავენ კრიტიკას. ამიტომ სრულიად უკრიტიკონ იღებენ მათთვის სასურველ ინფორმაციას და ტელევიზიას. დაახლოებით ნარკოტიკის მსგავსი ეფექტია: მარტო ერთი ტელევიზია რომ არსებობდეს, ვიტყოდით ძალით წამლავენ მოსახლეობასო, მაგრამ რადგანაც ასარჩევადაა ნარკოტიკ-ტვ, ყველა იღებს სასურველს და კიდევ უფრო არაკრიტიკული ხდება.

სინამდვილეში, ყველა ტელევიზია ტენდენციურია, არაობიექტური! არ ვიცი საზოგადოებრივი როგორაა, არ მინახავს დიდი ხანია. დანარჩენი გამოხატავს მფლობელთა ინტერესს და მოტივაციებს. ძალიან ადვილი გამოსაცნობია მფლობელთა ინტერესი:
“იმედის” მეპატრონეებს პიროვნულად პოლიტიკაში წინსვლის მოტივი არა აქვთ, მაგრამ სრულიად დარწმუნებული არიან, რომ მათი ოჯახის უფროსი მოკლა წინა ხელისუფლებამ და ამიტომ ნაციონალების დაუძინებელი მტრები იქნებიან, რაც თანხვედრაშია ხელისუფლების ინტერესთან, მანამ სანამ იქნებიან ნაციონალები.

არსებობს 1-2 ხელისუფლების სატელიტი, შედარებით დაბალრეიტინგიანი ტელევიზია, რომელთაც ცხადია პირველ რიგში აინტერესებთ შეკვეთის შესრულება და ამით ლუკმაპურის შოვნა, ხოლო ერთ-ერთ მფლობელს- ამავე დროს პოლიტიკის ზედაპირზე ტივტივი. ასევე, იმ ტელევიზიების მეპატრონეებს, ვინც ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად არიან განწყობილნი, ამოძრავებთ პოლიტიკური და აქედან გამომდინარე – ფინანსური მოტივაცია. ამიტომ ნებისმიერი, თუნდაც საყოფაცხოვრებო საკითხი სურთ პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ და სრულიად არ აინტერესებთ თავად საკითხის არსი.

რა თქმა უნდა, სისულელეა მოგიწოდოთ – არ დაუჯეროთ ტელევიზიებს! ეს იგივეა, ნარკომანი დაამუნათო- რატომ ნარკომანობ, ან პარანოიკი- ამოიგდე ბოდვითი აზრებიო. ამ შედარებით არავის შეურაცხყოფა არ მინდა, მართლა მსგავსი პათოფიზიოლოგიური მექანიზმები აქვთ ამ თითქოს და სხვადასხვა მოვლენებს. ეს ჩვენი აზროვნების, ანუ განუყოფელის ნაწილია. კიდევ მეტი! არც არაფერს აშავებს იმ წუთამდე, თუ არ მოგვთხოვენ ტელევიზიიდან (არა აქვს მნიშვნელობა, რომლიდან) ძალადობას ან გადატრიალებას. ასე სიცოცხლის ბოლომდე ვუყურებთ სასურველ ტელევიზიას და ეს ტელევიზიებიც იარსებებენ ჩვენ განწყობის ხარჯზე.

პ.ს. ერთადერთი ტელევიზია, რომლის პოლიტიკურ- ფინანსური მოტივაცია ჩემთვის უცნობია- “კავკასია”-ა. რაც არ უნდა შეიცვალოს ქვეყანაში, სულ რომ ბანგლადეშის პროტექტორატი დამყარდეს ჩვენთან, სტუდიაში მაგიდა, ორი სკამი აქუ- გელბახიანისთვის და მაგიდის ქვეშ პლასტმასის ტაშტი აქუს ფეხების ჩასაწყობად- მაინც არ მოიშლება!…. და არც დაემატება რამე..“,-წერს დავით გადელია.

Facebook Comments

ახალი დადებული