სოსო ფხაკაძე: ჩვენ შევძელით, მიგვეღწია კომპრომისული რედაქციისათვის

ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე „ ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ცვლილებების საბოლოო რედაქცია, რომელსაც გუშინ პირველი მოსმენით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა, ბიზნესთან შეთანხებულია.

„ჩვენს რეგულატორთან ბიზნესს გვქონდა ძალიან ბევრი შეკითხვა, მაგრამ საბოლოო ჯამში, რამდენიმე დღიანი ხანგრძლივი მუშაობის შედეგად, საქართველოს პარლამენტის ძალიან მაღალი დონის ჩართულობით, შევძელით, მიგვეღწია კანონპროექტის კომპრომისული რედაქციისათვის, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

„ბოლო სამი დღის განმავლობაში საკმაოდ აქტიურად ვმუშაობდით პარლამენტში. ჩვენს რეგულატორთან ბიზნესს გვქონდა ძალიან ბევრი შეკითხვა, მაგრამ საბოლოო ჯამში, საქართველოს პარლამენტის ძალიან მაღალი დონის ჩართულობით, ჩვენ შევძელით, რომ მიგვეღწია კომპრომისული რედაქციისათვის, რაც გულისხმობს შემდეგს – ბიზნესი წინააღმდეგი იყო, რომ ცვლილებებში ყოფილიყო შეტანილი 29-ე მუხლი. 29-ე მუხლი მოიცავს სპეციფიკურ ვალდებულებებს. სწორედ ჩვენი დისკუსიის საფუძველზე და პარლამენტის ძალიან კარგი და აქტიური ჩართულობით, შევძელით, რომ 29-ე მუხლიდან, რომელიც თავის მხრივ ხუთ პუნქტს მოიცავს, სამი პუნქტი ამოღებულ იქნა და დარჩა მხოლოდ ორი პუნქტი. ეს არის ჩვენი შეთანხმების პირველი კომპრომისული შედეგი. მეორე კომპრომისული შედეგი არის ის, რომ თვით ამ ორ მუხლზეც პროცედურა გავრცელდება არა იმ ვერსიით, რომელიც უკვე ახალი ცვლილებებით იყო ჩვენამდე შემოთავაზებული, არამედ იმოქმედებს ძველი, დღეს მოქმედი კანონმდებლობა სასამართლო პრაქტიკის ნაწილში“, – განაცხადა ფხაკაძემ. მისივე თქმით, საბოლოო ჯამში აქტიურმა მუშაობა შედეგები გამოიღო და ცვლილებების პაკეტი ახლა უკვე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მისაღებია. „საბოლოო ჯამში, გვინდა, აბსოლუტურად გულწრფელად დავაფიქსიროთ მადლიერება. გვინდა, რომ ეს წესი დაინერგოს, რომ ნებისმიერ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ბიზნესსა და ეკონომიკას, მაქსიმალურად გაიაროს კონსულტაციები ხელისუფლებამ ბიზნესთან. საბოლოო ჯამში, ეს ორივე მხარის გაძლიერებასა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ

Facebook Comments

ახალი დადებული