შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი დამთვალიერებელს მასპინძლობს

Nusagi

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გაიხსნა და დამთვალიერებელს მასპინძლობს. დენდროლოგიური პარკი, თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციით, ბიომრავალფეროვნების შემეცნებისთვის საუკეთესო გარემო პირობებითა და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელ რეგიონში. დღევანდელი პარკი წლების განმავლობაში ჭაობად ქცეული ტერიტორია იყო. მის გარდასაქმნელად შესრულდა მასშტაბური, ექსტრაორდინარული სამუშაოები.

60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს. შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, 18 ჰექტარზე გაშენდა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გადმორგული 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ხე. 42 ჰექტარზე კი, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან, წლების განმავლობაში შემოტანილი სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობის ათასობით ხე-მცენარეა წარმოდგენილი.

მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს, რომელთა უმეტესობა წითელ ნუსხაშია შეტანილი. დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე ასწლოვან მცენარეებთან ერთად გაშენებულია ბამბუკების კორომი. დამთვალიერებლისთვის დაუვიწყარი სანახაობაა ეგზოტიკური ფრინველებით დასახლებული ტბა.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ბიძინა ივანიშვილის მიერ რეგიონისთვის განხორციელებული კიდევ ერთი საქველმოქმედო პროექტია. ციცინათელების პარკი, მინიატურების პარკი, მუსიკოსების პარკი, ბლექ სი არენა, სასტუმრო პარაგრაფი და ახლა უკვე დენდროლოგიური პარკი – ეს ყველაფერი ერთად მთელ ქვეყანას, განსაკუთრებით კი ამ რეგიონს, უფრო მეტად მიმზიდველს ხდის.

გამომდინარე იქიდან, რომ დენდროლოგიური პარკი უნიკალურია აქ წარმოდგენილი ფლორითა და ფაუნით და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, მისი მონახულება ვიზიტორებს შეეძლებათ ყოველ დღე, ორშაბათისა და ხუთშაბათის გარდა.

დენდროლოგიური პარკის გახსნა განსაკუთრებული ღონისძიებებით არ აღინიშნება. ამის მიუხედავად. დილიდან პარკს რამდენიმე ათასი დამთვალიერებელი უკვე ესტუმრა. მსურველებს პარკის მონახულება უფასოდ შეუძლიათ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: