პრემიერ-მინისტრის დავალებით, დაცულ ტერიტორიებზე შიდა ტურისტული ნაკადების სტიმულირებისთვის მექანიზმი შემუშავდება

შიდა ტურიზმის ხელშეწყობის კამპანიის – „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ფარგლებში, განსაკუთრებული პრიორიტეტი ეკოტურისტულ მიმართულებებს მიენიჭება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისსტრაციის განცხადებით, საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული განვითარების შესაძლებლობებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე აღინიშნა მზარდი ინტერესი ეკოტურიზმის მიმართულებით და ის პოტენციალი, რომელიც დაცულ ტერიტორიებსა და ეროვნულ პარკებში დამატებითი ინფრასტრუქტურის და სერვისების განვითარების კუთხით არსებობს.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის მეტად განვითარებას და ეკოტურიზმიდან შემოსავლის მიღებას, როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელსაც გაუჩნდება შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქცია თუ მომსახურება გაყიდოს და დაცულ ტერიტორიებზე დასაქმდეს.

ამ ეტაპზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს აქვს მიმდინარე საინვესტიციო პაკეტი, რომლის მოცულობა 80 მილიონ ლარს აღემატება. ასევე განიხილება ახალი პროექტები, რომელთა შესახებ კონკრეტული შეთავაზებები ბიზნესს უახლოეს მომავალში წარედგინება. პრეზენტაციაზე, როგორც საზოგადოება, ისე ბიზნესსექტორი გაეცნობა ინფორმაციას დაცულ ტერიტორიებზე უკვე მოწყობილი ინფრასტრუქტურის, ასევე დაგეგმილი პროექტების შესახებ, რომლებიც, ერთი მხრივ, დაცულ ტერიტორიებზე კიდევ უფრო მეტ ვიზიტორს მიიზიდავს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს უნიკალური ბუნების დაცვასა და შენარჩუნებას.

ეკოტურისტული მიმართულების განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით, პრემიერ-მინისტრმა დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაავალა, ერთობლივად შეიმუშაონ მექანიზმი დაცულ ტერიტორიებზე შიდა ტურისტული ნაკადების სტიმულირების მიზნით.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს მოქალაქეებს მისცემს მეტ საშუალებას, იმოგზაურონ საქართველოსთვის და ამავდროულად იქნება დამატებითი სტიმული ქვეყნის ეკონომიკისთვის.

Facebook Comments

ახალი დადებული