საგარეო უწყებაში განმარტეს, რატომ არ გაიარა ბრიუსელიდან დაბრუნებულმა დავით ზალკალიანმა ორკვირიანი კარანტინი

საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რატომ არ გაიარა ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ორკვირიანი სავალდებულო კარანტინი. როგორც imedinews-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში განუცხადეს, საქართველოს მთავრობის 332-ე დადგენილების 11(1) მუხლის „ბ“ პუნქტში, რომელიც ადგენს საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტებიდან დაბრუნების წესს, აღნიშნულია, რომ ვიზიტიდან დაბრუნებული დელეგაციის წევრები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის განმალობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა.

„2020 წლის 13-14 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ბრიუსელში, სადაც შეხვედრები გაიმართა ნატოსა და ევროკავშირში. ეს ვიზიტი თავისი შინაარსით ძალზედ მნიშვნელოვანი და დატვირთული იყო. საქართველოს დელეგაციამ, ალიანსის მიწვევით მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს კომისიაში, გაიმართა შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, რომელიც იმ დროს ასრულებდა გენერალური მდივნის ფუნქციას. ასევე შეხვედრები გაიმართა ევროკომისიაში და ევროპარლამენტში. თავად ის ფაქტი, რომ გლობალური პანდემიის პირობებში, ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს კომისიის ფიზიკური დასწრებით გამართვის თაობაზე და ამ სხდომაზე მიიწვია საგარეო საქმეთა მინისტრი, კიდევ ერთხელ ადასტურებს ალიანსთან საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას და იმ აქტიურ მუშაობას, რასაც ხელისუფლება საგარეო პოლიტიკური მიმართულებით ახორციელებს. მოხარულები ვართ, რომ კომისიის სხდომამ უაღრესად პოზიტიურად ჩაიარა და ჩვენმა ქვეყანამ მოკავშირეების მხრიდან კვლავ დაიმსახურა მაღალი შეფასებები.

სახელმწიფო და მისი თითოეული მოხელე, საგარეო საქმეთა მინისტრი და მთლიანად უწყება უდიდესი პასუხისმგებლობით უდგება არსებული რეკომენდაციების დაცვას, რაც მიმართულია მოსახლეობის ჯანმრთელობის და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს დადასტურდა კიდეც COVID-19 პანდემიის ეფექტიანი და შედეგიანი მენეჯმენტით, რომელიც აღიარებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და დელეგაციის სრულ შემადგენლობას ბრიუსელიდან დაბრუნებისთანავე, საქართველოს მთავრობის 332-ე დადგენილების 11(1) მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, ჩაუტარდა PCR კვლევა და კვლევის შედეგები არის უარყოფითი.

სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან კარგად იციან დადგენილების აღნიშნული რედაქცია, კვლავ აქვს ადგილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას და ამ თემით სპეკულაციას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ ეცნობიან შესაბამის საკანონმდებლო აქტებს, ეს კიდევ უფრო მეტად მიუთითებს კანონმდებლობის მიმართ მათ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Facebook Comments

ახალი დადებული