,,ჩემი მიზანი ფუტკარზე დაკვირვებაა”_ ქართველი, რომელმაც ამერიკაში ოცნება აიხდინა

ამერიკაში, ნიუ-იორკიდან დაახლოებით სამი საათის სავალზე, პენსილვანიის შტატში, ქალაქ ჰერშის შოკოლადის უძველეს ქარხანასთან ახლოს, ჩვენი თანამემამულე, აპოლოგი გიორგი მაისურაძე 10 ოჯახ ფუტკარს უვლის. როგორც თავად გვითხრა, ძირითად საქმიანობას ფუტკრის მოვლა-პატრონობასა და ამ სასარგებლო მწერის ცხოვრების შესწავლას უთავსებს.

ის, რაც საქართველოში ვერ მოახერხა, გიორგიმ ამერიკაში შეძლო – კვლევებითა და ცდებით სურს დაამტკიცოს, რომ ფუტკრის შხამის მისაღებად გამოყენებული ელექტროშოკური მეთოდით შესაძლებელია, ფუტკრისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მავნებლის, ტკიპა ვაროას მოცილება.

გიორგი ამერიკაში, ნიუ-იორკში, მეუღლესთან ერთად ცხოვრობს და შაბათ-კვირა პენსილვანიაში, საკუთარი ფუტკრის მოსავლელად და კვლევის ჩასატარებლად მიდის. ამერიკაში ჩასულმა, 2 წლის უკან, მეფუტკრისა და ფუტკრის ძებნაში მოახერხა და ამ ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპირო თითქმის მთლიანად შემოიარა, გაიცნო მეფუტკრეობით დაინტერესებული ბევრი ადამიანი, გახდა ამერიკის მეფუტკრეთა ფედერაციის წევრი.

გიორგი მაისურაძე პროფესიით ქიმიკოსია. თავდაპირველად მისი დაინტერესება ფუტკრით, თაფლის სამკურნალო თვისებებმა გამოიწვია. გიორგიმ მოგვითხრო, რომ 14 წლის ასაკში დაემართა ჰეპატიტი და მკურნალობისთვის საჭირო გახდა ნატურალური თაფლი. მარტყოფში, თაფლის საყიდლად მამამისი წავიდა, რომელსაც მეფუტკრემ ფუტკრის შეძენა და მისი მოვლა-პატრონობა ურჩია. მართლაც შეიძინეს ორი სკა ფუტკარი და მამა-პაპისეულ სოფელში დაიწყეს მისი მოვლა.

იმ დროს, ბევრი რამ არ იცოდნენ ამ მწერის ცხოვრების შესახებ და გაზაფხულზე ფუტკრები დახოცილი დახვდათ. ოჯახმა კიდევ შეიძინა ფუტკარი. გიორგიმ კი მეფუტკრეობაზე წიგნების კითხვა ინტენსიურად დაიწყო და მიღებული ცოდნა მამას გაუზიარა.

,,ასე შევიყვარე ფუტკარი და შევისწავლე მისი მოვლა. ერთხელ ისეთი პრობლემა შეგვექმნა, რომელიც წიგნების დახმარებით ვერ გამოვასწორეთ. გავიგეთ, რომ დუშეთის რაიონში, სოფელ ყვავილში, აკადემიკოს არჩილ ლოლუას გარკვეული რაოდენობის ფუტკარი ჰყავდა. მასთან კონსულტაციაზე მისულებმა პირველად ვნახეთ შხამის მიღების პროცესი. დავინტერესდი ამ საქმით, რიგაში ვიყიდეთ აპარატი და ჩავერთეთ მეფუტკრეობის ფერხულში. 200-მდე ფუტკრის არასტანდარტული ოჯახი დავტოვე საქართველოში.

ამერიკაში, ორი წლის წინ, გავიცანი ადამიანი, რომელიც პენსილვანიის შტატში ცხოვრობს და ჩემნაირად, მეფუტკრეობით არის დაინტერესებული. მე და სკოტ სტენლი დავმეგობრდით და პარტნიორებიც გავხდით. მას მცირე საფუტკრე ჰქონდა რამდენიმე ადგილზე. გასული შემოდგომიდან მეც შევიძინე საჭირო ინვენტარი და წელს, 2 მაისს, უკვე ფუტკარიც – 10 ცალი 4 ჩარჩოიანი ,,ნუკლეუსი“, რომლებიც, უკვე 3-4 კორპუსიანი, სრულყოფილი ოჯახებია. ამ ეტაპზე ჩემი მიზანი არა მხოლოდ თაფლის მოპოვება, არამედ ფუტკარზე დაკვირვებაა. ფაქტობრივად, კვლევას ვაწარმოებ“ _ გვითხრა გიორგიმ.

ცხადია, დავინტერესდით ამერიკაში მცხოვრები თანამემამულის ცდებითაც.

გიორგი მაისურაძე: _ ჩემი კვლევის საგანია, ფუტკრის შხამის მიღების ერთ-ერთი მეთოდით, ფუტკარისთვის ვერაგი მავნებლის, ტკიპას მოცილება. ფუტკრის სუფთა შხამის მისაღებად, აქტიურად იყენებენ ელექტროშოკის მეთოდს. არსებობს ელექტრული აპარატი, რომელითაც შესაძლებელია დენის სიხშირის, ძაბვის და სხვა პარამეტრების რეგულირება. აპარატზე მიერთებულია შემკრებები, რომელშიც გაბმულია ორი პარალელური მავთულის სპირალი, შუაში კი მოთავსებულია მინა. შემკრებები იდება სკებზე, როგორც საკუჭნაო და აპარატი დენში ერთდება. ფუტკარი მაშინვე მიდის სკაზე დადგმული უცხო სხეულის გამოსაკვლევად, ჯდება კოლექტორის მავთულზე, რომელშიც გადის დენის იმპულსი, ღიზიანდება და იწყებს კბენას. დენის იმპულსით ფუტკარს ის კუნთები უდუნდება, სადაც მას აქვს შხამით სავსე ჯირკვლები. ამ ფორმით, შხამის უმეტეს ნაწილს ფუტკარი ტოვებს შუშაზე. შხამთან ერთად გამოყოფს ფერომონებსაც, რომელიც სხვა ფუტკრებისთვის საბრძოლო ყიჟინის ტოლფასია და იწვევს დანარჩენი ფუტკრების გააქტიურებასაც.

კოლექტორთან ძირითადად მოდიან მოღალე ფუტკრები. ფუტკრების მუშათა კლასი, ასაკისა და ბიოლოგიური განვითარების მიხედვით, დაყოფილია სხვადასხვა კასტებად. მოღალე ფუტკრები არიან ხანდაზმულები, რომელთაც აქვთ შხამის ყველაზე მეტი რაოდენობა და ბუდის დაცვის მოვალეობა.

ფუტკრის შხამი არის მაღალტოქსიკური პროდუქტი და შეიძლება, ზოგჯერ, გველის შხამზეც კი ტოქსიკური აღმოჩნდეს. განსხვავება ისაა, რომ ერთ ფუტკარს მხოლოდ 0,2 მგ შხამი აქვს და კბენისას, მას მთლიანად არ ტოვებს. აქედან გამომდინარე, ფუტკრის ნაკბენი არ იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს.

ამერიკაში გავიცანი პიროვნება, რომელიც ამზადებს ფუტკრის შხამს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას სერთიფიცირება არ აქვს. დავინტერესდი მისი მყიდველითაც. როგორც მითხრა, კერძო პირები ყიდულობენ გარკვეული მიზნებისთვის. ინტერნეტით იძებნება ბევრი აპითერაპევტი, რომლებიც ფუტკრის შხამს სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ მოვიცალე მათთან სასაუბროდ. მეცნიერებმა კი აღმოაჩინეს, რომ ფუტკრის შხამი შესაძლოა, გამოყენებული იყოს შიდსისა და კიბოს სამკურნალოდაც, თუმცა მის ეფექტურობას ამ მიზნით, ჯერ კიდევ იკვლევენ. ამიტომაც, გამორიცხულია, მეფუტკრე კიბოთი დაავადდეს. ისინი ხანდაზმულ ასაკამდე, საკმაოდ მხნედ ცხოვრობენ.

ბოლო დროს გახშირდა სტატიები, რომ მეფუტკრეებს არ დამართიათ კოვიდ-19. შესაძლოა, ამ ვირუსის დასამარცხებლადაც ფუტკრის შხამი გამოიყენონ, რადგან ის, მომაკვდინებლად მოქმედებს ზოგადად ბაქტერიებსა თუ ვირუსებზე.

საკმაოდ ბევრი სასარგებლო თვისება აქვს თაფლსაც. თითოეული ადამიანის კვების რაციონში ყოველდღიურად უნდა იყოს თაფლი. თაფლიან წყალს იყენებენ მჟავიანობის მოსამატებლად და დასაკლებად. ნატურალური თაფლი მიიღება ფუტკრის მიერ ყვავილის ნექტრის გადამუშავებით, ამიტომ, თაფლში სხვადასხვა სამკურნალო ყვავილის ნექტარი ხვდება. ფუტკრის პირველი მტერი გახლავთ ტკიპა- ვაროა, რომელის მოცილებაც რთულია. მეფუტკრეების ამოცანაა, შეიმუშავონ მეთოდი, რომლითაც შესაძლებელი გახდება, ნაკლები ქიმიური მედიკამენტის გამოყენებით, მეტი რაოდენობის ვაროას მოცილება, რადგან ეს მედიკამენტები თაფლს აბინძურებს. ფუტკართან მუშაობის 30 წლის განმავლობაში, ელექტროშოკით შხამის მიღების დროს, არაერთხელ მაქვს ნანახი კოლექტორებზე მყოფი ვაროა. ბიოლოგიურად და პროცესუალურად თუ მივუდგებით, კოლექტორზე ტკიპა არ უნდა ხვდებოდეს. გამიჩნდა აზრი, რომ შესაძლოა, ეს მეთოდი ფუტკრის ტკიპის მოსაცილებლადაც ეფექტური იყოს. რა თქმა უნდა, ყველა მოსაზრებას სჭირდება დადასტურება, ამიტომაც დავიწყე კვლევების ჩატარება ამერიკაში, ჩემს 10 სკიან საფუტკრეში. პირველი ექსპერიმენტის დროს, ორ სკაში ვიპოვე ჩამოვარდნილი ვაროა.

_ ექსპერიმენტს როგორ ატარებთ?

_ მარტივად აგიხსნით პროცესს. სკის ძირის ზომის თეთრ ქაღალდებს ვუსვამთ თხელ ფენა ვაზელინს. ვაზელინი ფუტკარს ვერ იწებებს და ის ახერხებს გადაადგილებას, მაგრამ მასზე ჩამოვარდნილი ტკიპა, წასვლას ვერ ახერხებს და ეკრობა ქაღალდს. ტკიპა ვაროას ზომა, დაახლოებით 0,8-0,7 მილიმეტრია. ცდას ვიწყებ 9 საათზე. ვაზელინიან ფურცლებს წინასწარ ვდებ სკების ქვეშ. იმ სკებთან კი, რომლიდანაც შხამი უნდა ავიღო, მხოლოდ შხამის აღების მომენტში შევაცურებ ხოლმე ვაზელინიან ქაღალდს. მოგვიანებით კი, ვაკეთებ შედარებას. სკის ქვეშ, რომლიდანაც შხამი ავიღე და ფურცელი მხოლოდ ნახევარი საათი იყო შეფენილი, რამდენი ტკიპა ჩამოვარდა, ვადარებ იმ ტკიპების რაოდენობას, რომლებიც დაიჭირა დიდ ხნით სკის ქვეშ დაფენილმა ვაზელინიანმა ფურცელმა. ცდები საკმაოდ შედეგიანია. არსებული მონაცემებით, იმ სკებიდან უფრო მეტი ტკიპა ცვივა ქაღალდზე, რომლიდანაც ვიღებდი ფუტკრის შხამს და გამოვიყენე ელექტროშოკის მეთოდი.

_ ტკიპა ,,ვაროა“ რა ზიანს აყენებს ფუტკარს?

_ ზოგადად ტკიპა ასოცირდება სისხლისმწოველ პარაზიტთან. ნებმისმიერი ცოცხალი ორგანიზმი იბრძვის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებისა და მოწესრიგებისთვის. არის ნივთიერებები, რომელიც ორგანიზმებისთვის არის საჭირო, მაგრამ თავად ვერ გამოიმუშავებენ -ის, სხვისგან უნდა მიიღონ. პარაზიტობაც იმას ნიშნავს, რომ სხვას წაართვას ის, რაც მას სჭირდება. წინათ გავრცელებული იყო აზრი, რომ ვაროა, ფუტკრის ჰემოლიმფით იკვებებოდა, რაც აქვეითებდა ფუტკრის სასიცოცხლო ფუნქციებს. საშუალო ასაკის ფუტკრებში ეს იწვევდა დაბერებას, ბარტყებში – განვუთარებლობას. ახალი კვლევებით კი დასტურდება, რომ ვაროა ფუტკრის ცხიმოვანი სხეულის ათვისებაზე მუშაობს და ართმევს საჭირო, სასიცოცხლო ნივთიერებებს. ასევე, ტკიპებით ხდება ბატერიებისა და ვირუსების გადატანა. ცხადია, ერთი ან ორი ექსპერიმენტით კვლევის შედეგი ვერც დაიდება და არც მტკიცებულებად ჩაითვლება. შეიძლება ტკიპა ხანდაზმული იყოს და თავისით ჩამოვარდეს, ასევე შეიძლება ტკიპა დაზიანებული იქნას ფუტკრისაგან. ისიც საინტერესოა ვაზელინიან ქაღალდზე დავარდნილი მწერი მკვდარია თუ ცოცხალი. საინტერესო იქნება ექსპერიმენტის პარალელურად ტარდებოდეს ტესტირებაც, შაქრის პუდრით ან ეთილის სპირტით.

ფუტკრის სკაში ტკიპების სრულიად გაქრობა, შეუძლებელია. ამიტომ, დადგენილია დასაშვები ნორმები. თუ ტკიპების რაოდენობა გასცდა ნორმას, ეს ნიშნავს, რომ მეფუტკრემ სასწრაფოდ უნდა იფიქროს ტკიპებისაგან ფუტკრის გასუფთავებაზე. ასე, რომ ექსპერიმენტებს ვაგრძელებ. ვფიქრობ, სეზონის ბოლომდე გარკვეული შედეგი დადგება და ჩემს მოსაზრებას აუცილებლად დავამტკიცებ. ამ ფორმით შესაძლებელია, მეფუტკრეებმა მიიღონ დამატებითი შემოსავალი, დაზოგონ დრო, ენერგია, ხარჯები მედიკამენტებზე და აგრეთვე, მიიღონ უფრო სუფთა ფუტკრის პროდუქტები.

Facebook Comments

ახალი დადებული