ამირან გამყრელიძე: ღამურაზე გავრცელებული ინფორმაცია ისეთი ზღაპარია, ჩემი შვილიშვილიც რომ არ დაიჯერებს

რაც გუშინ მასმედიაში ღამურაზე გაჟღერდა, მხოლოდ და მხოლოდ ღიმილისმომგვრელია და იმდენად არასერიოზულია ეს ყველაფერი, რომ ამაზე კომენტარიც არ შეიძლება გაკეთდეს. ეს ისეთი ზღაპარია, რომელსაც არც ერთი ჩემი შვილიშვილი არ დაიჯერებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„დასამალი არაფერია. ღამურაზე ჩვენ ვმუშაობთ, ლუგარის ცენტრში არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ღამურაზე მუშაობს. ისინი არიან ძალიან საინტერესო კვლევებისთვის მთელი რიგი მიმართულებებით. ჩვენ ვეძებდით, ხომ არ იყო ღამურა საქართველოში ცოფის გადამტანი, მაგრამ არ აღმოჩნდა. სხვათა შორის, კორონავირუსებსაც ვეძებდით, რომელიც ასევე არ აღმოჩნდა. ის, რაც გუშინ მასმედიაში გაჟღერდა, მოგონილი რაღაც, ადამიანს ათქმევინეს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ღიმილისმომგვრელია და იმდენად არასერიოზულია ეს ყველაფერი, რომ ამაზე კომენტარიც არ შეიძლება გაკეთდეს. ეს ისეთი ზღაპარია, რომელსაც არც ერთი ჩემი შვილიშვილი არ დაიჯერებს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ივლისში დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი მათ ტერიტორიაზე ღამურების შესაგროვებლად გადავიდა. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მიმდინარე თვის დასაწყისში დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ერთი ღამურის სანაცვლოდ 5 000 დოლარის აღებას ცდილობდა.

Facebook Comments

ახალი დადებული