გახარია შაქარაშვილის საქმეზე: ვინც არაკეთილსინდისიერად შეასრულა მოვალეობა, დაისჯება

„ყველა ის ადამიანი, რომელმაც არაკეთილსინდისიერად შეასრულა მოვალეობა, დაისჯება“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შაქარაშვილის საქმეზე, შსს-ს მიერ გასაჯაროებულ, იაკობ ბრეგვაძის ზართან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ჩანს, რომ პოლიციამ დაპირისპირების ადგილს ვერ მიაგნო.

კითხვაზე, არაკვალიფიციურად ხომ არ მოიქცა პოლიცია, გახარია პასუხობს:

„ჩვენ პირველ რიგში უნდა გამოვიძიოთ საქმე და ვნახოთ დამნაშავე. ამის შემდეგ თუ იქ რაღაც არასწორად იყო გაკეთებული, ეს ცალკე გამოძიების საგანია, რომელიც ჩატარდება და ყველა ის ადამიან, რომელმაც არაკეთილსინდისიერად შეასრულა თავისი მოვალეობა, დაისჯება.

შიდა საქმეებში და გამოძიებაში, მე როგორც პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას ვერ მივიღებ. თუმცა საკითხი კონტროლირდება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, 19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახ­მა ფეხბურთელის და­კარ­გვის შე­სა­ხებ შსს-ს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი 21 ივნისს წყალ­ში იპო­ვეს.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული.

10 ივლისს პროკურატურამ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომლის თანახმად გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

ამავდროულად, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.

საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.

Facebook Comments

ახალი დადებული