ლუკა სირაძის დედა:„მინდა სკოლის წარმომადგენლებს უფრო მეტი პასუხი მოეთხოვოთ “

„მწვანე სკოლაში“ მომხდარი შემთხვევის შემდეგ დაწყებული გამოძიების შედეგად გარდაცვლილი 15 წლის ლუკა სირაძის დედა, ელიკო ჩხიტუნიძე მთავრობას სთხოვს, სასჯელის მაქსიმალური ზომით დაისაჯონ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი და ყველა ის პირი, რომლებმაც მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანაში მონაწილეობა მიიღეს.

„მინდა სკოლის წარმომადგენლებსაც მოეთხოვოთ უფრო მეტი პასუხი, არაფერი ამ ბავშვს არ უნდოდა ერთი აღმზრდელობითი გაკვეთილი ჩაეტარებინათ, ერთჯერ მაინც ეკითხათ ამ ბავშვისთვის – რა გჭირს, რატომ გააკეთე? რისი თქმა გინდოდა? დაერეკათ ჩემთვის, ერთი სიტყვა ეთქვათ, გადამხდელი ვიყავი. არ ვიცი, ამიტომ გაიმეტეს ეს ბავშვი, რომ მაგათ სკოლას სახელი და დიდება შემატებოდა, რომ ასეთი სასტიკი სამართლით დაისჯებოდა ბავშვი? მთავრობას ვეხვეწები, პრემიერ-მინისტრს ვეხვეწები და ვთხოვ, რომელმაც აიღო თავის თავზე, პირად კონტროლზე მექნება ლუკას მდგომარეობაო, ყურადღებას მივაქცევო. ვთხოვ და ვახსენებ, რომ დაისაჯონ უმაღლესი ზომით მარიანა ჩოლოიანი და ის პირები, რომლებიც ასე ორგანიზებულად იყვნენ  ჩართულები ლუკას ასეთ მდგომარეობამდე მიყვანაში“, – ამბობს ელიკო ჩხიტუნიძე.

15 წლის ლუკა სირაძემ 2019 წლის 11 დეკემბერს, „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის გამო, პოლიციაში დაკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინციდენტის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ბრალდებულია და საპატიმროში იმყოფება.

ლუკა სირაძის სავარაუდო ქმედებაზე, რომელიც სკოლის კედლებზე წარწერების გაკეთებას უკავშირდებოდა, გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მწვანე სკოლამ სხვადასხვა მასალები სამართალდამცავებს გადასცა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 15 წლის ლუკა სირაძესთან მიმართებაში „მწვანე სკოლის“ მხრიდან პერსონალური მონაცემების შესახებ კანონის დარღვევა დაადგინა და სკოლას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა. ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა დაადგინა, რომ „მწვანე სკოლის“ მხრიდან ასევე ფიქსირდება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესების შესაძლო დარღვევა.

Facebook Comments

ახალი დადებული