რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აზერბაიჯანელ კოლეგას ზაკირ გასანოვს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ სამხედრო-დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებთან სატელეფონო საუბარი 18 ივლისს ბაქოს ინიციატივით შედგა. საუბრისას სხვადასხვა თემები განიხილეს, მათ შორის საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სამხედრო ურთიერთობასა და თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს“, – იუწყება „რია ნოვოსტი“.

გარდა ამისა, შოიგუმ გასანოვს ჯარების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბრძოლო ჯარების შემოწმება გეგმიური იყო და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე მოვლენებს არ უკავშირდება.

17 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო ძალების მზადყოფნის შემოწმების ბრძანება გასცა. სერგეი შოიგუს განცხადებით, ჯამში სპონტანურ შემოწმებაში 149 755 სამხედრო, 26 820 ერთეული იარაღი და სამხედრო ტექნიკა, 414 თვითმფრინავი და 106 ხომალდი ჩაერთვება.

Facebook Comments

ახალი დადებული