„თუ ლუკას თვითმკვლელობა დადასტურდა, მისი სულისთვის ლოცვას ვერ გავაგრძელებთ”

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, თუ 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის თვითმკველობის ფაქტი დადასტურდა, ეკლესია მისი სულისთვის ლოცვას შეწყვეტს.

მეუფე ნიკოლიზის თქმით, ეკლესია დაარწმუნეს იმაში, რომ სირაძეს თავი არ მოუკლავს, რის შემდეგაც, სასულიერო პირის თქმით, ეკლესიამ გარდაცვლილს წესიც აუგო და მისთვის ლოცვა გააგრძელა.

როგორც სასულიერო პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეკლესიამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პირადი გამოძიება ჩაატარა, რა დროსაც, მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, თვითმკვლელობის ფაქტი არ დადასტურებულა.

“ჩვენ უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, როგორ შეიძლება სირაძისთვის ლოცვა. საეკლესიო წესის მიხედვით თვითმკვლელისთვის ლოცვა არ შეიძლება, თუ ეს ფაქტი მტკიცდება. ოჯახის წევრებმა დაგვარწმუნეს და ჩვენც გამოვიკვლიეთ, რომ არ მტკიცდება თვითმკვლელობის ფაქტი. როდესაც ასეთი გაურკვეველი სუტუაციაა, ჩვენ მოწყალებისკენ ვიხრებით. გავერკვიეთ მაშინ, წესი აუგეთ და ლოცვას მისთვის ვაგრძელებთ. თუ გაირკვა, რომ მან ნამდვილად თავი მოიკლა, ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ. იმედი მაქვს, რომ თვითმკვლელობის ფაქტი არ მომხდარა. ისეთ ადგილას იყვნენ, რომ შეიძლება ფეხი დასცდომოდა. დაგვარწმუნეს ოჯახის წევრებმაც და გამოვიკვლიეთ, რომ თვითმკვლელობა არ ყოფილა. თუ დადასტურებულია თვითმკვლელობა, ლოცვას ვერ გავაგრძელებთ”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

Facebook Comments

ახალი დადებული