ირანმა ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავის შავი ყუთი საფრანგეთს გადასცა

ირანმა საფრანგეთს გადასცა იმ უკრაინული ბოინგის ე.წ. „შავი ყუთი“, რომელიც, ოფიციალური თეირანის ცნობით, შეცდომით ჩამოაგდეს, – ამის შესახებ BBC წერს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განაცხადებით, შავი ყუთი პარიზში 17 ივლისს ჩაიტანეს და მასალის შესწავლას 21 ივლისს დაიწყებენ.

ირანი იანვრის შემდეგ აჭიანურებდა შავი ყუთის სხვა ქვეყნისთვის გადაცემას, ვინაიდან, ოფიციალურ თეირანს არ სურდა, მასალა, რომელიც მომხდართან დაკავშირებით, უმთავრეს მონაცემებს მოიცავს, ისეთი ქვეყნებისთვის გადაეცა, რომელთანაც უთანხმოება აქვთ და რომელთა მოქალაქეებიც ემსხვერპლნენ ამ შემთხვევას.

საერთაშორისო საავიაციო წესების თანახმად, ირანს უფლება აქვს, უხელმძღვანელოს გამოძიებას, მაგრამ, როგორც წესი, იგივე უფლება გააჩნიათ შემთხვევის მონაწილე კომპანიებსაც. ექსპერტების განმარტებით, ასევე შესაძლებელია, რომ შავი ყუთები გააანალიზონ ისეთმა ქვეყნებმა, რომელთაც არ აქვთ შეხება არც კონკრეტულ ავიაკომპანიასთან და არც მათი მოქალაქეები დაღუპულან შემთხვევის დროს.

თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი 8 იანვარს ჩამოვარდა,  რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა, მათ შორის კანადის მოქალაქეებიც არიან. 11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით  ჩააგდო.

Facebook Comments

ახალი დადებული