შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკს 4 დღეში 100 000-ზე მეტი სტუმარი ეწვია

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის გახსნიდან დღემდე, 4 დღის განმავლობაში, 100 000-ზე მეტი სტუმარი ეწვია, – ინფორმაციას პარკის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

„მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს მოსვლისთვის და, განსაკუთრებით, იმ გულწრფელი ემოციების გამოხატვისთვის, რასაც თქვენი შთაბეჭდილებების სახით ვიღებთ, მათ შორის, პირად შეტყობინებებშიც“ – აღნიშნულია პარკის Facebook-გვერდზე.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი 15 ივლისს გაიხსნა. 

60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს. შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, 18 ჰექტარზე გაშენდა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გადმორგული 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ხე. 42 ჰექტარზე კი, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან, წლების განმავლობაში შემოტანილი სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობის ათასობით ხე-მცენარეა წარმოდგენილი. მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს, რომელთა უმეტესობა წითელ ნუსხაშია შეტანილი. დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე ასწლოვან მცენარეებთან ერთად გაშენებულია ბამბუკების კორომი. დამთვალიერებლისთვის დაუვიწყარი სანახაობაა ეგზოტიკური ფრინველებით დასახლებული ტბა.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ბიძინა ივანიშვილის მიერ რეგიონისთვის განხორციელებული კიდევ ერთი საქველმოქმედო პროექტია.

Facebook Comments

ახალი დადებული