რატომ შეხვდნენ ანი გაბეჩავას დაკითხვამდე მისი ოჯახის ახლობლები ნახალოვკელებს

ანი გაბეჩავამ, რომელიც ტრაგიკულად დასრულებული წვეულების მასპინძელი და იუბილარი იყო, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ მეორე დღეს, დილის 8 საათზე შეიტყო. ,-ამის შესახებ მან „ნოდარ მელაძის შაბათში“ ვრცელი ინტერვიუს დროს განაცხადა.

გაბეჩავამ საუბრისას გაიხსენა საბედისწერო დღეს მომხდარი ჩხუბის რამდენიმე დეტალი, კერძოდ ის, რომ გიორგი შაქარაშვილს დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია, მხოლოდ აშველებდა და საბურთალოელების მხარეს იდგა. 

ანი გაბეჩავა დაბადების დღეს მცხეთაში, ნაქირავებ სახლში იხდიდა, სადაც არა მისი და მისი მეგობრების მიერ დაპატიჟებული სტუმრები ჩავიდნენ. დაპირისპირების შემდეგ გაბეჩავა და სტუმრების ნაწილი დღეობის გასაგრძელებლად ლისზე ავიდნენ, იქიდან კი, მისი ნათესავების სახლში, თემქაზე გაემართნენ, სადაც დილამდე ერთობოდნენ და ფოტოებს იღებდნენ. გაბეჩავას თქმით, მან იცოდა, რომ გიორგი შაქარაშვილი სახლში ჯერ არ იყო მისული, თუმცა არ ახსოვს, ვინ უთხრა ამის შესახებ. 

„ვნერვიულობდით, ვცდილობდით გაგვეგო, მაგრამ ერთი ეს ვიცოდით, რომ ბიჭები მაგარი ნაცემები იყვნენ და სასწრაფოთი წაიყვანეს, დეტალებზე არ გვქონია საუბარი“,-ამბობს გაბეჩავა. 

გაბეჩავა ყვება, რომ თემქაზე შეკრების შემდეგ ყველა დაიშალა და სახლებში წავიდნენ. 19 ივლისის დილით კი, გაიგეს, რომ არაგვის ხიდზე სისხლიანი გარჩევის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა. 

„მეორე დღეს დილით მხვდება ესემესი, რომ გიორგი ისევ არ გამოჩენილაო. ძალიან ავნერვიულდი, მამაჩემმა არ იცოდა, რომ ჩხუბი იყო მომხდარი. მერე უკვე იწყება ეს ყველაფერი, მერე უკვე მცხეთიდანაც მირეკავენ, რომ დაკითხვაზე უნდა მივსულიყავი“,-ამბობს ანი გაბეჩავა.

როგორც ირკვევა, ვიდრე მცხეთის პოლიციაში დაკითხვაზე ჩავიდოდა, გაბეჩავამ მომხდარის შესახებ მამას უამბო და წერეთლის პროსპექტზე,  ოჯახის ახლობლებსა და ნახალოვკელებს შორის შეხვედრა შედგა. აღნიშნულის შესახებ გაბეჩავა ასე ყვება: „მამაჩემის ძმაკაცებს შევხვდი, ამავე დროს კონტაქტი მქონდა ჩემს მეგობრებთან, ნახალოვკელებთან, ისინი მოვიდნენ ერთი მანქანით, უბრალოდ ვნახეთ ერთმანეთი, აინტერესებდათ, რა მოხდა, ვინ დაიკარგა. მათ ერთმანეთში არ უსაუბრიათ, მე მაწყნარებდნენ, რადგან დაკითხვაზე მივდიოდი და ანერვიულებული ვიყავი. ნამდვილად არ გამიგია, რომ მამაჩემის მეგობრებსა და ნახალოვკელებს შორის რაიმე დაძაბული საუბარი ყოფილიყო“,-ამბობს გაბეჩავა.

კითხვაზე, თუ რა იყო აღნიშნული შეხვედრის მიზეზი, გაბეჩავა ამბობს, რომ ნერვიულობდა და ნახალოვკელები მას დაკითხვაზე უნდა გაყოლოდნენ, მაგრამ არ გაყვნენ.

„რა თქმა უნდა, თან აინტერესებდათ ვინ დაიკარგა“,-ამბობს გაბეჩავა. 

რა იყო ამ შეხვედრის რეალური მიზეზი და შედგა თუ არა საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე რაიმე მოლაპარაკება გაბეჩავას ოჯახის ახლობლებსა და ნახალოვკელებს შორის, ამას სავარაუდოდ, გამოძიება დაადგენს.

Facebook Comments

ახალი დადებული