სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება: “რუსეთმა და თურქეთმა საქართველოს ტერიტორია შესაძლოა დერეფნად გამოიყენონ”

“სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის დაძაბვა პირდაპირ აისახება საქართველოზე. კონფლიქტი, რომელიც ყარაბაღისგან მოშორებით თოვუზის რეგიონში 12 ივლისს განახლდა, საქართველოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის და საერთოდაც, ეს ფაქტი არსებულ სურათს მთელ რეგიონში კარდინალურად ცვლის. იმ შემთხვევაში თუკი ვითარების გართულდება, კონფლიქტი უფრო დიდ მასშტაბებს მიაღწევს და საბოლოოდ, შესაძლოა რეგიონალური ომი მივიღოთ”. – ამის შესახებ ექსპერტი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია საუბრობს.

კონფლიქტის ეპიცენტრი საქართველოს საზღვრამდე 55 კილომეტრშია და არსებული მდგომარეობა ქართულ მხარეს აშფოთებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მხარეებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, რომ პროცესები სამშვიდობო შეთანხმებისკენ წავიდეს.

თანაც, საბრძოლო მოქმედებების განახლებაში მხარეები  ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანის არმიის 100-კაციანმა ჯგუფმა სომხეთში დივერსიული შეღწევა უშედეგოდ სცადა. სომხეთის არმიის სამხედროებმა მოწინააღმდეგის გადაადგილება შეამჩნიეს და საპასუხო ზომების მიღების შემდეგ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა უკან დაიხიეს.

ვახტანგ მაისაია “მეტრონომთან” აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუკი ვითარება გამწვავდება, აზერბაიჯანმა შესაძლოა დააყენოს საკითხი, საქართველომ მის ტერიტორიაზე გაატაროს სამხედრო ტვირთი.

“არსებობს არაფორმალური ფორმატი – საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი. ასევე უნდა ითქვას, რომ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი აზერბაიჯანს მიაწვდიან დახმარებას სახმელეთო გზით. იმედია არ დაიძაბება სიტუაცია, ამ სამხედრო ალიანსის ფორმატში გამოვდივართ არაფორმალური სამხედრო მოკავშირეები. შეიძლება თურქეთმა და აზერბაიჯანმა დააყენონ საკითხი საქართველოს ტერიტორიის გავლით განახორციელოს სამხედრო ტრანზიტი” – განაცხადა მან.

ამასთან, მაისაიას ინფორმაციით, გარკვეული შეთანხმება საქართველოს რუსეთთანაც აქვს დადებული, რაც შესაძლოა კრემლმა ცუდად გამოიყენოს.

“რუსეთთან ქართულმა მხარემ 2006 წელს დადო სამხედრო ტრანზიტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, საქართველო ვალდებულია, გაატაროს რუსეთის არასაბრძოლო დანიშნულების ტვირთები, შეიარაღება და ცოცხალი ძალა. ამ შემთხვევაში, რუსეთმა შეიძლება ეს გამოიყენოს სარჩულად და განახორციელოს სამხედრო ტვირთების გატარება ჩვენ ტერიტორიაზე. თუკი სიტუაცია დაიძაბა, გადავა ლოკალური ომის დონეზე” – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

Facebook Comments

ახალი დადებული