სოფიო ხორგუანი: თქვენ რომ მთავარი პროკურორი იყავით, ჟურნალისტებს სასამართლოს ეზოში შესვლის უფლება არ ჰქონდათ, რადგან ეზოც შენობად განმარტეთ

მე მჯერა, რომ თქვენ ქრთამი არასდროს აგიღიათ, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს, ჩემს გარშემო ადამიანებს აკვანში რომ უწყობდით იარაღს,-ამის შესახებ უფლებადამცველმა სოფიო ხორგუანმა ყოფილ მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავას სატელევიზო დებატების დროს განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მართლმსაჯულების მთავარი რგოლი იყო არა სასამართლო, არამედ პენიტენციური სისტემა, რადგან იქ ძალადობის შედეგად იღებდა პროკურატურა გადაწყვეტილებებს.

„თქვენ იყავით მთავარი პროკურორი და ჭაკუა, რომლის ექსტრადირებაც ახლახანს მოხდა, თქვენი ხელისუფლების მოხელე იყო. ლამის ყოველდღე მოდის ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც ჩვენი სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებთან აგებს. და იცით რატომ? იმიტომ, რომ თქვენ იყავით მოძალადე. ამის გამო, დღეს ჩვენს ქვეყანას 6 მილიონი აქვს გადასახდელი და ეს მხოლოდ დასაწყისია“,-განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

მისივე თქმით, დღევანდელი მოცემულობით, „ქართული ოცნება“ არჩევნებში გაიმარჯვებს, რადგან ალტერნატივა არის ძალა, რომელიც უკვე ვნახეთ ხელისუფლებაში.

„ამას ადასტურებს თუნდაც ის კვლევები, რაც ბოლოს გამოქვეყნდა. თქვენ თქვენი პროკურორობის დროს ადამიანებს წაართვით მიწები და ეს ყველაფერი მოხვდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში. თუმცა არავინ არაფერზე არასდროს პასუხს არ აგებს. თქვენ ჩვენი პრობლემა ხართ, რადგან ალტერნატივად თქვენს თავს გვთავაზობთ. თქვენ რომ მთავარი პროკურორი იყავით, ჟურნალისტებს სასამართლოს ეზოში შესვლის უფლება არ ჰქონდათ, რადგან სასამართლოს ეზო შენობად განმარტეს და ჟურნალისტებს აეკრძალათ იქ შესვლა. კვლევებით, რომლებიც პროსახელისუფლებო ჯგუფს არ გაუკეთებია, ჩანს, რომ ქართულ ოცნებას აქვს შანსი, ძალიან დიდი უმრავლესობით მოვიდეს“,-განაცხადა ხორგუანმა. 

Facebook Comments

ახალი დადებული