ეს წინასაარჩევნო პროვინციული სპექტაკლია, დაბერებული მსახიობებით

ეს არის წინასაარჩევნო პროვინციული სპექტაკლი, დაბერებული მსახიობებით, წყაროსთავზე მცხოვრები რეჟისორით, მორყეული დეკორაციებით, ფსიქოპატი გამნათებლებითა და ხმის რეჟისორებით, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია საკმაოდ პრობლემურია, „ქართულ ოცნებას“ გარკვეული უპირატესობა აქვს.

„„ქართულ ოცნებაში“ რეალური პოლიტიკური ფიგურების გენერაცია არ მომხდარა. იქ ხომ არავინ, გარდა ერთი კაცისა, არავინ არ არის. ოპოზიცია საკმაოდ პრობლემურია, ჯერჯერობით, საარჩევნო კამპანია ატარებს ნეგატიურ ხასიათს, ბუნებრივია ნეგატიურ არჩევნებში რესურსებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, დღეის მდგომარეობით, „ქართულ ოცნებას“ აქვს გარკვეული უპირატესობა, რაც არ გამორიცხავს ცალკეულ ანომალიებს. იგივე, ვაკეში ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით. პოლიტიკური ფიგურები, რომელზეც ლაპარაკი ღირს და აქვს საკუთარი პოლიტიკური ბიოგრაფია, საკუთარი პოლიტიკური წონა. ესეთები „ქართულ ოცნებაში“ არ არიან, ყველგან კენჭს იყრის  ბიძინა პლიუს გახარია,“ – განაცხადა მან.

ხუხაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ დღეს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისას ჰქონდა ის ტონი, როგორც სჩვევია.

„ჩვენ ხომ ყველა სათქმელი ზეპირად ვიცით. გუშინ რომ დაგერეკათ ჩემთან, სანამ წამოაყენებდნენ კანდიდატურას, აბსოლუტურად იგივე სათქმელი მექნებოდა. ეს არის წინასაარჩევნო პროვინციული სპექტაკლი, დაბერებული მსახიობებით, წყაროსთავზე მცხოვრები რეჟისორით, მორყეული დეკორაციებით, ფსიქოპატი გამნათებლებითა და ხმის რეჟისორებით, ჩვენ ვართ ის მაყურებლები, რომლებმაც ზეპირად ვიცით ყველა მიზანსცენა, ყველა ფრაზა, ყველა მოძრაობა, მაგრამ იძულებული ვართ, ამას ვუყუროთ, რადგან სხვა გასართობი ჩვენს სოფელში არ არის,“ – ამბობს ხუხაშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული