გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ოჯახის წევრებსაც კორონავირუსი აქვთ და ისინი რამდენიმე ბაზრობაზე მუშაობდნენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტის, 72 წლის კაცის ოჯახის წევრებიც ინფიცრებული არიან.

„ამ პაციენტს ჰქონდა თირკმელების მძიმე, ქრონიკული დაავადება. ის იყო დიალიზზე (ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტებისა და ჭარბი სითხის მოშორება ხელოვნური გზით). მასთან სწრაფად განვითარდა ინფექცია. სამწუხაროდ, ასევე, ინფიცირებული არიან მისი ოჯახის წევრებიც, თუმცა, მათთან კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი მუშაობდნენ და ვაჭრობდნენ რამდენიმე ბაზრობაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი მკაცრდება. 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 049 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 903-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 534 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267.

Facebook Comments

ახალი დადებული