მარიამ ქვრივიშვილი: ახალი პროექტებით დაზარალებულ სფეროებს დავეხმარებით

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ახალი პროექტები დაიწყო, რომლითაც როგორც ფოტოგრაფებს, ისე ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს დაეხმარებიან.

„ჩვენი კამპანია „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ძალიან აქტიურ ფაზაში შევიდა. ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს, მათ შორის მარკეტინგულ PR და ა.შ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, შევხვდით ფოტოგრაფებს, მიმდინარე კამპანიის ფარგლებში მათ გავაცანით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, სადაც მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორც კოვიდ-19-ის დროს დაზარალებული ჯგუფის“,-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ახალი პროექტების ფარგლებში განახლდება ფოტო-ბანკი.

„დიდი ხანია სახელმწიფოს მსგავსი პროექტი არ განუხორციელებია, როდესაც ჩვენ ვატარებთ როგორც შიდა, ასევე მარკეტინგულ კამპანიებს, უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ვიზუალს. ეს არის ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც ასახავს საქართველოს ტურისტულ მიმართულებას. გვქონდა ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი და პოზიტიური შეხვედრა ფოტოგრაფებთან. მათი მხრიდან უკუკავშირი ძალიან პოზიტიური იყო. შევთანხმდით, რომ 3 პროექტის ფარგლებში დავიწყებთ თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ მსგავსი სახის პროექტებით ჩვენ დავეხმარებით ისეთ სფეროებს, რომლებიც კოვიდ-19-ის დროს დაზარალდნენ. ამ პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ აქტიურად ჩავრთოთ გიდები და სატრანსპორტო კომპანიები, რომლებიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანენ რეგიონალური ტურების მიმართულებით“,-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული