მისურიში წყვილს, რომელმაც სახლი პროტესტანტებისგან იარაღით დაიცვა, ბრალი წაუყენეს

სენტ-ლუისის საოლქო პროკურორმა კიმბერლი გარდნერმა ცოლ-ქმარს, მარკ და პატრიცია მაკლოსკებს, რომლებიც ივნისის ბოლოს რასიზმის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს პისტოლეტით და თოფით ემუქრებოდნენ, ბრალი წაუყენა. ამის შესახებ CNN იუწყება.

გარდნერის თქმით, ცოლ-ქმარმა პოტენციურად საშიში სიტუაცია შექმნა, როდესაც ცეცხლსასროლი იარაღი მშვიდობიანი მომიტინგეებისკენ მიმართა .

„გაგვიმართლა, რომ სასიკვდილო შედეგი არ დადგა“,-განაცხადა ოლქის პროკურორმა. 

New York Times-ის ცნობით, მაკლოსკებს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ, ამასთან გარდნერმა დააზუსტა, რომ სასჯელის ზომად მოითხოვს არა რეალურ ვადას, არამედ საზოგადოებრივ სამუშაოებს.

თავის მხრივ, მისურის გენერალურმა პროკურორმა, რესპუბლიკელმა ერიკ შმიტმა ბრალის გაუქმების შესახებ მოთხოვნა გაგზავნა. როგორც მან აღნიშნა, შტატის კანონი მოსახლეობას უფლებას აძლევს, იარაღით დაიცვან კერძო საკუთრება მათგან, ვისაც ზიანის მიყენება შეუძლია. მანამდე შტატის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა, მაიკ პარსონმა განაცხადა, რომ „სავარაუდოდ შეიწყალებს მაკლოსკებს, თუ სასამართლო მათ ციხეში გაუშვებს“.

 შეგახსენებთ, ივნისის ბოლოს მოძრაობა Black Lives Matter -ის მომხრეებმა მსვლელობა მოაწყეს მერის სახლისკენ და გაიარეს კერძო ქუჩა, სადაც მაკლოსკები ცხოვრობენ. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ცდილობს ცოლ-ქმარი დაიცვას სახლი პროტესტანტებისგან და იარაღით ხელში მოუწოდებს, დატოვონ ტერიტორია. 

მარკ მაკლოსკი ამბობს, რომ მას და მის მეუღლეს შეეშინდათ მოსალოდნელი დარბევის. ამ შემთხვევამ ამერიკული საზოგადოება ორ ნაწილად გაყო. ზოგი ცოლ-ქმარს ემხრობოდა ზოგი კი მიუღებლად მიიჩნევდა იარაღით მუქარას. 

Facebook Comments

ახალი დადებული