„ვიზეარი“ და „მაივეი ეარლაინსი“ ათენიდან და პარიზიდან სპეცრეისებს 22 და 28 ივლისს შეასრულებენ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, გაგრძელდება ავიარეისების შესრულება, რომლებზეც ბილეთის ფასი 200 ევროს არ აღემატება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ავიაკომპანიები „ვიზეარი“და „მაივეი ეარლაინსი“ ფრენებს 22 ივლისს პარიზიდან, ხოლო 28 ივლისს ათენიდან შეასრულებენ. ასევე, გერმანიაში მოკლევადიანი დასაქმების პროგრამებით გამგზავრების მსურველი სტუდენტების თხოვნით, უახლოეს პერიოდში შესრულდება თბილისი-ბერლინი-თბილისის ავიარეისი, რომელზეც ბილეთის ფასი ასევე ხელმისაწვდომი იქნება.

მათივე ცნობით, წარმატებით დასრულდა საქართველოს მთავრობის მოლაპარაკებები ფრანგულ ავიაკომპანია „ეარფრანსთან“ და ის აგვისტოს დასაწყისიდან, ავიარეისებს თბილისი-პარიზი-თბილისის მიმართულებით კვირაში 2-ჯერ შეასრულებს. ფრენები შემდეგი განრიგით განხორციელდება:

პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი) – თბილისი, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს;

თბილისი-პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი), ყოველ ხუთშაბათსა და კვირას“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

რეგულარული რეისები „ეარბას“ A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

რეგულარული ფრენების აღდგენაზე დასრულებულია ყველა სახის პროცედურა გერმანულ ავიაკომპანია „ლუფთანზასთან“, რომელიც აგვისტოდან თბილისი-მიუნხენი-თბილისის მიმართულებით იფრენს. ამ ეტაპზე, რეგულარული ფრენების აღდგენაზე, მოლაპარაკებები გრძელდება ავიაკომპანია „ეარბალტიკთან“.

Facebook Comments

ახალი დადებული