დონალდ ტრამპი: თუ სოციალური დისტანციის დაცვა არ შეგიძლიათ, პირბადე ატარეთ – სიამოვნებით ვატარებ პირბადეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკელებს პირბადის ტარებისკენ მოუწოდა.  აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პანდემიასთან დაკავშირებით სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება, რის შემდეგაც სიტუაციის გაუმჯობესების პერიოდი დადგება.

„ყველას ვთხოვთ, თუ სოციალური დისტანციის დაცვა არ შეგიძლიათ, პირბადე ატარეთ. მოგწონთ თუ არა, პირბადეს ეფექტი აქვს. ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ. სიამოვნებით ვატარებ პირბადეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

21 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსის პირობებში პირბადის ტარებას პატრიოტული ჟესტი უწოდა.

„ჩვენ გაერთიანებულნი ვართ ჩვენს ძალისხმევაში, დავამარცხოთ უხილავი ჩინური ვირუსი, და მავანი ამბობს, რომ როდესაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია, პირბადის ტარება პატრიოტული ჟესტია. ჩემზე მეტი პატრიოტი არავინაა!“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

12 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, საჯაროდ ნიღბის ტარებას თავს არიდებდა, „ტრადიცია“ სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში დაჭრილი ჯარისკაცების მონახულებისა და პირველადი ჯანდაცვის მუშაკებთან შეხვედრაზე დაარღვია.

დონალდ ტრამპი მანამდე უარს ამბობდა საჯაროდ ნიღბის ტარებაზე და აღნიშნავდა, რომ ეს პირადი არჩევანი იყო. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი ასევე აცხადებდა, რომ გადაწყვეტილებას შეცვლიდა, თუ ხალხით სავსე ადგილას მოხვდებოდა და დისტანციის დაცვას ვეღარ შეძლებდა.

Facebook Comments

ახალი დადებული