მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ესპანელი ფეხბურთელი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს

ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი დავიდ ვილია სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ გამოცემა Independent-ი წერს.

როგორც Twitter-ზე Skyler B-ის სახელით დარეგისტრირებული ქალი წერს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დავიდ ვილია „ნიუ-იორკ სიტის“ რიგებში ასპარეზობდა.

„ეს ყველაფერი ისეთი ამაზრზენი იყო, რომ ახლა პროფესიულ სპორტზე ფიქრიც კი მაშინებს. ამ შემთხვევამ მთელი ჩემი კარიერა შეცვალა და ოცნებები დამინგრია. როდესაც „ნიუ-იორკ სიტიში“ სტაჟირება დავიწყე, ვფიქრობდი, რომ ასეთი შანსი ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა, და რა მივიღე? დავიდ ვილია ყოველდღე მავიწროებდა, ჩემი უფროსები კი ამას სასაცილოდ თვლიდნენ. ამასთან ერთად, ისინი სულ მეუბნებოდნენ, რომ ჩემს საქმეს არასაკმარისად სერიოზულად ვუდგებოდი, მაშინ, როდესაც სამსახურში ყოველ ჯერზე მისვლისას ვიცოდი, რომ სექსუალური შევიწროება მელოდებოდა. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ კარგი დამოკიდებულება ვერ მექნებოდა“, – წერს Skyler B.

არც დავიდ ვილიასა და არც „ნიუ-იორკ სიტის“ მხრიდან ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

დავიდ ვილია „ნიუ-იორკ სიტის“ ღირსებას 2015-2018 წლებში იცავდა. დავიდ ვილიამ ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი 2008 წელს, მსოფლიო ჩემპიონატი კი 2010 წელს მოიგო.

Facebook Comments

ახალი დადებული