ამირან გამყრელიძე: გაჩიანში ინფექცია ტრიალებს და მოვუწოდებ მოსახლეობას, სამედიცინო პერსონალს მისცენ კვლევის საშუალება

განსაკუთრებით ცხელი წერტილი ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ე.წ. გაჩიანის დასახლებაში გვაქვს, სადაც შედის 3 სოფელი – ყარაჯალარი, აღთაკლია და ყარათაკლია. სამწუხაროდ, მოსახლეობაში არის ცუდი დამყოლობა კვლევებზე. გუშინ ადგილზე 6 ბრიგადა მუშაობდა და მხოლოდ 350 ნიმუში ავიღეთ, როცა 6 ბრიგადის საშუალო სიმძლავრე 700-1000 ნიმუშია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„დღეს ქვეყანაში 24 ახალი შემთხვევა გვაქვს. ბოლო დღეების განმავლობაში დაახლოებით 10-10 შემთხვევა გვქონდა, პირდაპირ გეტყვით, რომ პანიკის საფუძველი არაა, მაგრამ ფრიად საყურადღებოა. გარკვეულწილად ეს პროგნოზირებადი იყო, ვინაიდან ნებისმიერ შემსუბუქებას შეიძლება მოჰყვეს შემთხვევათა რაოდენობის ზრდა. მთავარია, რომ ეს მატება იყოს კონტროლირებად და მართვადი. დღეს ქვეყანაში ეს პროცესი სრულად მართვადია, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ მოსახლეობას ყურადღება მოადუნა. შეიქმნა ილუზია, თითქოს ჩვენ დავამარცხეთ კორონავირუსი – არა, პანდემიის დამარცხება მხოლოდ გლობალურადაა შესაძლებელი. განსაკუთრებით ცხელი წერტილი ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ე.წ. გაჩიანის დასახლებაში გვაქვს, სადაც 3 სოფელი – ყარაჯალარი, აღთაკლია და ყარათაკლია. ამ 3 სოფლიდან ორში გვაქვს სულ 34 შემთხვევა, დღევანდელი 24-იდან კი 10 სწორედ ამ კლასტერიდანაა. ადგილზე ტარდება სერიოზული ღონისძიებები, ყველა შესასვლელში არის თერმოსკრინინგი, მაგრამ, სამწუხაროდ, მოსახლეობაში არის ცუდი დამყოლობა კვლევებზე. გუშინ დავიწყეთ გაფართოებული კვლევები და გვინდოდა, ამ კვირაში 7 000 მოსახლე გამოგვეკვლია. ჩვენი გათვლებით, ინფიცირებული შეიძლება იყოს მოსახლეობის 5-10% და მათი დროული იზოლაციაა საჭირო. ამ სოფლების მოსახლეობის უმრავლესობა სხვადასხვა ბაზარზე – რუსთავის, ლილოს, თბილისის ბაზრობებზე მუშაობს, ამიტომ ინფექციის გატანის რისკი დიდია. სამწუხაროდ, მოსახლეობა შემხვედრ ნაბიჯებს არ დგამს. გუშინ ადგილზე 6 ბრიგადა მუშაობდა და მხოლოდ 350 ნიმუში ავიღეთ, როცა 6 ბრიგადის საშუალო სიმძლავრე 700-1000 ნიმუშია. ამ 350 ნიმუშიდან 10 არის დადებითი ანუ იქ ინფექცია ტრიალებს და მოვუწოდებ მოსახლეობას სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობისკენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული