თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი: ბავშვი ავტომობილში, უკანა სავარძელზე იჯდა

ტყეში, იმ ადგილზე, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილის ოჯახის წევრები მივიდნენ. ოჯახის სურვილით, საქმეში ჩაერთო ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ არ ენდობა ოფიციალურ ექსპერტიზას და უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებს დამოუკიდბელ ექსპერტთან.

„ავტომობილში, უკანა სავარძელზე იჯდა ახალგაზრდა ბავშვი, ავტომობილი გაიხსნა, მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები, მე პირადად არ გამაჩნია ექსპერტების ნდობა, ამიტომ ჩვენი მხრიდანაც ჩაერთვება დამოუკიდებელი ექსპერტი. მანქანა დაკეტილი იყო და მხოლოდ ზედაპირულად შევხედე, ყველაფერს მიექცევა ყურადღება და უყურადღებოდ არაფერი დარჩება. ეს არ არის უღრანი ტყე და აქ მწყემსი არ უნდა ნახულობდეს დაკარგულ მანქანას. ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, წინასწარ არავის ბრალს არ ვდებ, დეტალურად მოვითხოვთ პასუხს ყველა კითხვაზე ისე, რომ არავის არაფერი შერჩება. უკვე ვესაუბრე ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანს, რომ მისი წარმომადგენელი ჩაერთოს საქმეში. შევისწავლი ყველაფერს დეტალურად, სად მუშაობდა გარდაცვლილი, ვინ იყო მისი უფროსი და ა.შ“,-აცხადებს მიხეილ რამიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას. 

მისივე თქმით, ბევრ რაღაცას არ ენდობა.

„მე არ ვენდობი, როდესაც კითხვის ნიშნები ჩნდება, არ ვენდობი, როდესაც არავის სიცოცხლე არ არის უსაფრთხოდ, არ ვენდობი ძალიან ბევრ რაღაცას, მე ვენდობი ისეთ ადამიანებს, რომლებსაც არაფრის არ ეშინიათ“,-აცხადებს ადვოკატი. 

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ერთ-ერთი ვერსია თავდაპირველად ის იყო, რომ შესაძლოა მისი გაუჩინარება მის საქმიანობას უკავშირდებოდა, მათ ეჭვი ჰქონდათ, რომ გოგონა გატაცებული იყო. ოჯახი საუბრობდა, რომ თამარი სამსახურიდან დათრგუნული და ხშირად ატირებული ბრუნდებოდა. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რა გახდა თამარ ბ. გარდაცვალების მიზეზი. 

Facebook Comments

ახალი დადებული