წულუკიანი ბაჩალიაშვილის საკითხზე: არანორმალური სიტუაციაა

იუსტიციის მინისტრმა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ისაუბრა. მან მედია გააკრიტიკა, რადგან, მინისტრის თქმით, ადამიანების ტრაგედიის პირდაპირ ტრანსლირება ხდება.

„მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, გამოვხატო ის გაუსაძლისი განცდა, რაც ყველას გვაქვს. პრაქტიკულად ღია ეთერში, კამერების წინ მიმდინარეობს ადამიანების ტრაგედიის ტრანსლირება, ეს არის კიდევ უფრო მძიმე სანახავი, ვიდრე, ადვოკატსაც ვუსმენდით, რომელმაც თქვა, ჩემი თანდასწრებით გაიხსნა მანქანა, ძალიან მძიმე სურათი ვნახეო. ალბათ არანაკლებ მძიმეა ის, რასაც ამგვარი ტიპის ვითომ ტელეგამოძიებები და ვითომ ტელესიმართლეები, რომლებსაც ზოგიერთი ტელეარხი ეწევა, განაცდევინებს ოჯახს. მინდა, მათ იცოდნენ, საზოგადოების თითოეული წევრი მათთან ერთად ვართ ამ მძიმე წუთებში“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, პრემიერმა მთავრობის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ 23 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე პროაქტიურად მოახდინონ საზოგადოების ინფორმირებულობა.

„ნორმალურ პირობებში პროაქტიულად გამომძიებელი საზოგადოებას აბარებდეს ანგარიშს, რის მერე რა ნაბიჯი გადადგა, ეს არა თუ დაშვებული არ არის, აკრძალულია, იმიტომ, რომ არსებობს სისხლის სამართალში ასეთი ცნება – გამოძიების საიდუმლო. გამოძიება თუ იქნება ტელევიზორში, მაშინ საქმეს ვერ გამოიძიებენ. თუ გამომძიებელი დაჯდება და ხმამაღლა ისაუბრებს რის გამოძიებას აპირებს, როგორი სტრატეგია აქვს, ვის მერე ვის გამოკითხვას ან დაკითხვას აპირებს, ვის რა ნამდვილი ან ცრუ შეკითხვა უნდა დაუსვას, რომ გამოტეხოს, თორემ დღეს რომ პანჩურებით, წიხლით და ცოცხით არ ხდება გამოძიება, ეს უკვე ვიცით. დღეს გამოძიება კანონით დადგენილი სტანდარტებით ხდება, ეს გულისხმობს ტიტანურ შრომას… ნორმალურ პირობებში გამომძიებელი არაფერს არ უნდა ამბობდეს, სანამ საქმე სასამართლოში არ წავა. ვინაიდან ჩვენ არანორმალურ სიტუაციაში ვიმყოფებით, როდესაც არ არსებობს სიწმინდე, რომელსაც ზოგიერთი ჟურნალისტი უნდა მოუფრთხილდეს, ზოგიერთი ტელეარხი, ასეთ პირობებში გასაგებია, რომ პრემიერმა მოგვცა დავალება, რაც საქმეს არ გაფუჭევს, უფრო მეტი დეტალი ითქვას, სანამ კითხვა გაჩნდება. საზოგადოებაში ფსიქოტური მდგომარეობის პრევენცია მოვახდინოთ, რომლის დამკვიდრებასაც ცდილობს ზოგიერთი ტელეარხი“,- აღნიშნა „იმედის“ ეთერში თეა წულუკიანმა.

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან სახლშია გადასვენებული.

Facebook Comments

ახალი დადებული