კახა კუჭავა: სამწუხაროა, რომ ოპოზიციური სპექტრის ძალისხმევა მიმართულია ქვეყნისთვის საზიანო ჩანაწერის გასაჩენად

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში საუბარია 2 სხვადასხვა დოკუმენტზე. ერთი არის ასიგნებების შესახებ კანონპროექტი, რომელიც შესაბამის კომიტეტში განიხილებოდა ამერიკის კონგრესის დონეზე. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ თავდაცვის ავტორიზაციის შესახებ, რომელიც სენატში იქნა განხილული და კენჭიც ეყარა. ეს არის მაღალი დონის მხარდამჭერი დოკუმენტი“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ “იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, დოკუმენტი უაღრესად მნიშვნელოვანია.

„პირველ რიგში, ეს არის თავდაცვისუნარიანობის კუთხით ჩვენი მზადყოფნა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომელიც გაგვაჩნია. ზოგადად, ასახულია ისიც, რომ შავი ზღვის რეგიონი განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს და ამ კუთხით ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატებიდან იქნება, როგორც ყოველთვის, ძალიან მაღალ დონეზე გარანტირებული. იყო გარკვეული მცდელობები ამ კონკრეტულ დოკუმენტშიც ისევე, როგორც მეორე აქტში, შესულიყო ცვლილებები. ცვლილებები დარეგისტრირდა, რომელიც სამწუხაროდ, გაჩნდა ოპოზიციური პარტიების მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად, მაგრამ ცვლილებები ნიშნავს, რომ ეს გარკვეულ ეტაპამდე მიდის, შემდეგ მისი განხილვა ხდება, ხოლო ამის შემდეგ ან გაითვალისწინებენ ან არა. აქტი, რომელსაც სენატმა კენჭი უყარა, სწორედ ის ეტაპია, როცა არ იქნა გათვალისწინებული ის დარეგისტრირებული ცვლილებები, რომელიც იქნებოდა საზიანო არა „ ქართული ოცნებისთვის“, როგორც მმართველი პარტიისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის.

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ, რომ ოპოზიციური სპექტრის ძალისხმევა, ლობისტები იქნება თუ მათი პირადი ძალისხმევა მიმართულია ქვეყნისთვის საზიანო ჩანაწერის გასაჩენად. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვისმინეთ არაერთი კომენტარი და საბოლოო დოკუმენტი ზუსტად იმ სულისკვეთებას ასახავს, რომელიც წლების განმავლობაში გვესმის; ის, რომ საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და რომ ეს კიდევ უფრო უნდა გამყარდეს; ის, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს; ის, რომ ნატოს კარები ღიაა საქართველოსთვის და მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“.- განაცხადა კახა კუჭავამ.

Facebook Comments

ახალი დადებული