კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი თბილისში მდებარე კლინიკების პაციენტია

თბილისში „კოვიდ-19“ შუახნის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც დაახლოებით ერთი კვირის წინ „მედიქლაბში“ მკურნალობდა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

როგორც საქართველოს პირველ არხს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, გიორგი გოცაძემ განუცხადა, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებიდან ერთი კვირის წინ გაწერეს, მას ინფექციის არანაირი კლინიკური ნიშანი არ აღენიშნებოდა.

გოცაძის ინფორმაციით, მამაკაცს, რომელმაც „მედიქლაბში“ ქირურგიული ოპერაცია გაიკეთა, „პისიარ“ ტესტი გაწერის შემდეგ, როგორც ინფიცირებულის კონტაქტს ჩაუტარდა, რის შედეგადაც კოვიდინფექცია დაუდასტურდა. „მედიქლაბის“ სამედიცინო დირექტორის განცხადებით, ინფიცირებული თბილისში ცხოვრობს. მისივე ინფორმაციით, კლინიკის არც ერთი ექიმი კარანტინში არ გადასულა, მათ მუდმივად უტარდებათ ტესტირება, არიან ინდივიდუალური დაცვის საშუალებით აღჭურვილი, შესაბამისად, დამატებითი ზომების მიღების საჭიროება არ დამდგარა.

კიდევ ერთი პაციენტი, რომელსაც „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, „ახალ სიცოცხლეში“ მკურნალობდა. ის გარდაბნიდან არის და როგორც სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, ამბულატორიულ განყოფილებას მიმართა, სადაც ეჭვი პნევმონიაზე მიიტანეს და ტესტი გაუკეთეს. ინფიცირებული მამაკაცი ინფექციურ კლინიკაშია გადაიყვანეს.

„ახალ სიცოცხლეში“ ამბობენ, რომ პაციენტებს იზოლირებულ განყოფილებაში იღებენ, სადაც მომუშავე პერსონალი სრულად დაცულია, უტარდებათ თერმოსკრინინგი და ტესტირება. ამიტომ, კარანტინში მათი გადაყვანის აუცილებლობა არ ყოფილა.

საქართველოში დღეს ახალი კორონავირუსის 19 შემთხვევა გამოვლინდა.

Facebook Comments

ახალი დადებული