ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდა. ჩატარდა ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს ნაშრომების გასწორების პროცესი და შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება.

გამოსაცდელები საკუთარი შედეგებისა და ნაშრომების ნახვას შეძლებენ გამოქვეყნებისთანავე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდებზე. 

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 94%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი – გამოსაცდელთა 78%-ზე მეტი.

იყო დაგვიანების ერთეული შემთხვევები და გამოცდიდან მოხსნის სამი ფაქტი (გამოცდაზე მობილური ტელეფონისა და დამხმარე მასალის შეტანის გამო).

2020 წლის საგამოცდო პროცესი ერთიანი ეროვნული გამოცდებით 6 ივლისს დაიწყო. საგამოცდო ცენტრები გაიხსნა ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

მასწავლებლობის მსურველები გამოცდებში 22 ივლისიდან ჩაერთვნენ. სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართა. მაგისტრობის მსურველთათვის გამოცდები კი 1-4 აგვისტოს ჩატარდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის, ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაშიც, აბიტურიენტი ინარჩუნებს ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს, საკუთარ რეიტინგულ სიაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შემდეგ არ დაავიწყდეთ გამოიყენონ შენახვის ღილაკი და დაიმახსოვრონ ყველა ცვლილება. ასევე, შედეგების გამოცხადების შესახებ ან გამოცდებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას გაეცნონ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუკგვერდზე.

Facebook Comments

ახალი დადებული