ირაკლი კობახიძე: წინა ხელისუფლების დროს დანაშაულებს უმძიმესი მეთოდებით, მარტივი ზეწოლის საფუძველზე ხსნიდნენ

შსს-ს გამართულად მუშაობს და მაღალი სტანდარტებით ჩატარებულ გამოძიებას, სადაც ადგილი არ აქვს წამებას და არაჰუმანურ მეთოდებს დრო სჭირდება, -ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ყველა ტრაგიკული ამბავი რაც ბოლო დროს მოხდა, გაირკვევა და დასრულდება იმ შედეგით რა შედეგითაც უნდა დასრულდეს.

„ზოგადად სისტემა გამართულად მუშაობს, რაც შეეხება ბოლო პერიოდში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს, თქვენ ხედავთ, რომ იქ იყო შესაბამისი რეაგირება, თუმცა ხელოვნურად ცდილობენ თემების აგორებას. რეალურად, ამას ვერ ახერხებენ, რადგან ამას არ აქვს სათანადო საფუძველი. რეაგირება ყველა ამ შემთხვევაზე შსს-სგან იყო და ახლაც გრძელდება. სისტემას, მუდმივი განვითარება სჭირდება. ჩვენ მძიმე მემკვიდრეობა მივიღეთ წინა ხელისუფლებისგან მათ შორის საკადრო ჭრილშიც. პროკურატურა მიჩვეული იყო, რომ გამოძიება არ სჭირდებოდათ. უმძიმესი მეთოდებით ხსნიდნენ დანაშაულებს, მარტივი ზეწოლის საფუძველზე. მაგალითად, შაქარაშვილის საქმე, სადაც არ იძლევიან ადამიანები ჩვენებებს, იმ დროს შეეძლოთ ამის გამო ძალიან მარტივად ეწამებინათ ადამიანები, ან სხვა არაჰუმანური მეთოდი გამოეყენებინათ. მათთვის ბუნებრივია, რომ საქმე ამით იოლდებოდა. დღეს კი, ძალიან მაღალი სტანდარტებით მიმდინარეობს საქმის გამოძიება და ამას სჭირდება გარკვეული დრო. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში გამოძიება დასრულდება იმ შედეგით რა შედეგითაც უნდა დასრულდეს. გამოძიება გრძელდება და მათ უნდა ჰქონდეთ მშვიდი მუშაობის შესაძლებლობა. ტელევიზიები ცდილობენ ისტერიის შექმნას და ამას თქვენ ხედავთ. ათასი სპეკულაცია იყო, მაგრამ ვერავითარი ინტერესი ვერ გამოკვეთეს რომ ვინმეს აქვს ინტერესი იმისა, რომ ვინმემ დანაშაულის დასადგენად ძალისხმევა დაიშუროს”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ის გამოძიების მიმდინარეობას, ამ ეტაპზე, ვერ შეაფასებს.

„დღეს უარყოფითად და დადებითად გამოძიების შეფასება არასწორია, ერთი თვის თავზე, როდესაც დანაშაული არ გახსნილა და თანდათანობით წარიმართება პროცესი უნდა აცადო, გაიხსნას კონკრეტული დანაშაული. ამ ყველაფრის შემდეგ შეგვიძლია განცხადების გაკეთება მოგვწონს თუ არ მოგვწონს გამოძიების მიმდინარეობა. ჩვენი ოპონენტები, უპასუხისმგებლოდ იქცევიან, როდესაც ორი დღის მომხდარ ტრაგედიაზე ითხოვენ სრულყოფილ გამოძიებას და ჩვენ მსგავსი უპასუხისმგებლობით არ გამოვირჩევით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება მინისტრ გომელაურის მოწვევას პარლამენტში, კობახიძე ამბობს, რომ თუ საჭირო გახდება მისი მოსვლა, ამისთვის პარლამენტიც მზად არის და თავად მინისტრიც.

Facebook Comments

ახალი დადებული