სიეთლის სასამართოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტებმა პოლიციას საპროტესტო აქციაზე გადაღებული მასალა უნდა გადასცენ

აშშ-ში, სიეთლის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 5 მედიასაშუალება ვალდებულია პოლიციას გადასცეს გამოუქვეყნებელი ვიდეოჩანაწერები და ფოტოები, რომლებზეც ასახულია 30 მაისის საპროტესტო აქცია. ინფორმაციას Fox News ავრცელებს.

საუბარია გაზეთზე Seattle Times და ტელეკომპანიებზე KIRO 7, KING 5, KOMO 4 და KCPQ 13. მოსამართლის გადაწყვეტილებაში წერია, რომ ვიდეო და ფოტომასალა აუცილებელია პოლიციის სამმართველოს შენობაში ხანძრის გაჩენის, ასევე პოლიციის მანქანების დაწვის საქმის გამოძიებისთვის. 

ხელისუფლების ინფორმაციით, საპროტესტო აქციის დროს მაისის ბოლოს მომიტინგეებმა დააზიანეს პოლიციის 6 მანქანა. ასევე ვარაუდობენ, რომ პროტესტანტებმა შენობიდან გაიტანეს იარაღები Glock 43 და Colt M4.

სასამართლოს გადაწყვეტილება ჟურნალისტებმა გააპროტესტეს. Seattle Times-ის გამომშვებმა რედაქტორმა განაცხადა, რომ აუცილებელია მედიის დამოუკიდებლობის შენარჩუნება, რათა ხელისუფლება პასუხისმგებელი იყოს ხალხის წინაშე. 

ჟურნალისტებმა სამართალდამცველებს უნდა გადასცენ ფოტო და ვიდეომასალები, რომელიც გადაღებულია პროფესიული კამერებით. მობილური ტელეფონებით გადაღებული მასალის გადაცემა სავალდებული არ არის. 

შეგახსენებთ, ივნისში, სიეთლში აქციის მონაწილეებმა რამდენიმე კვირით დაიკავეს პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების შენობა და აღნიშნულ რაიონში ფაქტიურად, სამართალდამცველებისა და სხვა საგანგებო გადაუდებელი დახმარების შეღწევა შეზღუდეს. პოლიციის შენობაზე კონტროლი ქალაქის ხელმძღვანელობამ მხოლოდ 1 ივლისს აღადგინა. 

Facebook Comments

ახალი დადებული