დონალდ ტრამპი – ყველას ვურჩევთ, მკაცრად დაიცვან ჰიგიენის წესები, შეინარჩუნონ სოციალური დისტანცია და ატარონ პირბადეები

აშშ-ის პრეზიდენტი პირბადით საჯაროდ კიდევ ერთხელ გამოჩნდა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საზოგადოებას ჰიგიენის წესების დაცვისკენ, სოციალური დისტანციის შენარჩუნებისა და პირბადეების ტარებისკენ მოუწოდა.

„ყველას ვურჩევთ, შეინარჩუნონ სოციალური დისტანცია, მკაცრად დაიცვან ჰიგიენის წესები, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებში შეკრებას, დახურული ტიპის ბარებში სიარულს და სადაც საჭიროა, პირბადეები ატარონ,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა წლის ბოლომდე ექნება.

„პოზიტიური ამბები მესმის. ვფიქრობთ, ძალიან კარგ ფორმაში ვართ იმისთვის, რომ ვაქცინა წლის ბოლომდე გვქონდეს,“- აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისათვის, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევებმა ივნისის დასაწყისიდან მომატება დაიწყო. კოვიდინფიცირებულებისა და ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით ქვეყანა პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში. გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა დონალდ ტრამპის გარემოცვის წევრს – მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ობრაიენს.

Facebook Comments

ახალი დადებული