მაიკ პომპეომ პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაქო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ეფექტურ ნაბიჯებს მაღალი შეფასება მისცა.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბრისას მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს.

მხარეებმა გლობალური პანდემიის საერთო გამოწვევებზე ისაუბრეს და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დინამიკა განიხილეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების, მათ შორის ლუგარის ცენტრის შექმნის, ასევე პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის. მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის მრავალმხრივ დახმარებას, რაც ორი ქვეყნის ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველია.

გიორგი გახარიამ სატელეფონო საუბრისას ხაზი გაუსვა მაიკ პომპეოს პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოებისადმი და აღნიშნა, რომ სიამოვნებით უმასპინძლებს სახელმწიფო მდივან პომპეოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მისთვის მოსახერხებელ დროს.

Facebook Comments

ახალი დადებული