NDI: გამოკითხულთა 73% ფიქრობს, რომ საქართველოში კორონავირუსის შედარებით დაბალი გავრცელება მთავრობისა და ექიმების სწორი ნაბიჯების შედეგია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კორონავირუსთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 73% ფიქრობს, რომ ქვეყანაში ვირუსის შედარებით დაბალი გავრცელება მთავრობისა და ექიმების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგია, ხოლო 17% მიიჩნევს, რომ ეს ქართული გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა.

გამოკითხულთა 80% ღელავს, რომ ის ან მისი ახლობელი კორონავირუსით დაინფიცირდება. ამის მიუხედავად, მოსახლეობის 46% ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინის არსებობის შემთხვევაში არ აიცრებოდა, 38% კი- აიცრებოდა.

როგორც NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევაშია აღნიშნული, საინფორმაციო წყაროების სანდოობის კუთხით, მოსახლეობის 90% დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, 85% – საქართველოს ხელისუფლებას, 73% – ჟურნალისტებს/მედიას, 66%– ადგილობრივ ხელისუფლებას, ხოლო 61%-ი რელიგიურ ლიდერს/ეკლესიას ენდობა.

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას, ძირითადად, ტელევიზიიდან, სოციალური ქსელებიდან და ახლობლებისგან იღებს.

Facebook Comments

ახალი დადებული