ეკატერინე ტიკარაძე: ინფიცირების შემთხვევების მატებასთან ერთად, საქართველოში ყველა ჰოსპიტალი შეძლებს პაციენტების მიღებას

მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. ინფიცირების შემთხვევების მატებასთან ერთად, საქართველოში ყველა ჰოსპიტალი შეძლებს, პაციენტების მიღებას“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ეპიდსიტუაციაზე განუცხადა.

მან ასევე შემოდგომაზე ვირუსის სეზონისთვის მომზადების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ეს მოსალოდნელი პროცესია.

„როდესაც ვაკვირდებით ვირუსის დინამიკას, ეს პერიოდულად არის აღმავალი და პერიოდულად, ჩვენ ვხედავთ, ვირუსის რიცხვები საკმაოდ დაბალია. ეპიდემიოლოგები და სამედიცინო პერსონალი დღესდღეობით არსებულ სიტუაციას უმკლავდებიან, რაც დამაკმაყოფილებელია. ვხედავთ, რომ საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ექიმები შეძლებენ, გაუმკლავდნენ ვირუსის მძიმე ფორმებსაც. მნიშვნელოვანია ის, რომ ვცდილობთ და ვამზადებთ ჯანდაცვის სექტორს, რათა შევძლოთ, გავუმკლავდეთ ნებისმიერი რაოდენობის ინფიცირებული პაციენტის მიღებას ჩვენს ჰოსპიტალებში. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. ჩართულია რეგულირების სააგენტო და ხორციელდება საავადმყოფოების მუდმივი მონიტორინგი, რათა ჩვენ დარწმუნებულები ვიყოთ, ინფიცირების მატებასთან ერთად საქართველოში ყველა ჰოსპიტალი შეძლებს, პაციენტების მიიღებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 160 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 935-ს შეადგენს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. 

Facebook Comments

ახალი დადებული