რაჭიდან გამოყვანილი მოქალაქეების უმეტესობა დამსვენებელია

„მასშტაბურ სტიქიასთან გვაქვს საქმე, როგორსაც მოსახლეობა ბოლო წლების განმავლობაში ვერ იხსენებს“,- ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სტიქიის ზონიდან გამოყვანილ 100-ზე მეტ მოქლაქეს შორის უმეტესობა დამსვენებელია.

„გამოყვანილი მოქალაქეების უმეტესობა დამსვენებელია, რომლებმაც რეგიონის დატოვების სურვილი გამოთქვეს. მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა ვერტმფრენები და მოსახლეობას საჭირო მედიკამენტები მიეწოდებოდა. ამ დროისთვის ადგილზე 2 ვერტმფრენი და ოცი ერთეული მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდება“,- აღნიშნა გოჩა ენუქიძემ.

მაჟორიტარი დეპუტატის განმარტებით, ინფრასტრუქტურის გარდა, სტიქიამ მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო ნათესებიც დააზიანა. ზარალის ოდენობას სპეციალურად შექმნილი კომისია დაითვლის.

სტიქია რაჭაში

რაჭაში ძლიერი წვიმა 28 ივლისს დაიწყო. შედეგად 12 სოფელი გარესამყაროს მოწყდა.

ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები. წაღებულია 10 ხიდი.

წყალმომარაგების სისტემის დაზიანების გამო 400 აბონენტს სასმელი წყალი ცისტერნებით მიეწოდებოდა. მოგვიანებით წყალმომარაგების დირექტორმა განაცხადა, რომ რაჭაში წყლის მიწოდება აღდგა.

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დავალებით, რაჭაში სტიქიის გამო შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გაემგზავრნენ.

სტიქიის ზონაში დარჩენილი ტურისტები ვერტმფრენით გამოიყვანეს.

Facebook Comments

ახალი დადებული