რაჭაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლოა, 50 000 000 ლარამდე დასჭირდეს

პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, რაჭაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლოა, 50 000 000 ლარამდე დასჭირდეს. გახარიას თქმით, ინფრასტრუქტურის აღდგენამდე მოსახლეობის მომარაგება და ვერტმფრენებით მომსახურება მოხდება და არანაირი პრობლემა მათ არ ექნებათ.

„საერთო ჯამში, ამ სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლებელია, რომ დასჭირდეს 50 000 000 ლარამდე. რეალურად ამ ადამიანებს იმის გამო, რომ ელექტროენერგია არ აქვთ, არ აქვთ კავშირი სამყაროსთან, ეს ინფორმაცია პირველ რიგში მათთვის არის მნიშვნელოვანი და შემდგომ უკვე სხვა დანარჩენებისთვის. ამიტომ უნდა ვთქვათ, რომ ღები, პატარა ღები, გლოლა და შოვი, ეს არის სოფლები, სადაც სამწუხაროდ, ერთი თვე მოგვიწევს საგზაო სამუშაოები, რომ ნელ-ნელა მივიდეთ, თუმცა გვპირდებიან, რომ ელექტროენერგიას ამინდის კარგი პირობების შემთხვევაში დაახლოებით ერთ კვირაში აღვადგენთ, მაგრამ ყველა ამ სოფელში იქნება ყოველდღიური კავშირი ვერტმფრენებით. გამოსაყვან ადამიანებს გამოვიყვანთ, შესაყვან ადამიანებს, შევიყვანთ და მოხდება სოფლების მომარაგება, არანაირი პრობლემა არ იქნება, ამაზე თავით აგებს პასუხს გუბერნიაც და ადგილობრივი ხელისუფლებაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, როგორც კი გზა გაიხსნება ადგილზე გეოლოგები მივლენ და შეისწავლიან ნიადაგს და ღვარცოფულ ქანებს.

„რამდენიმე ადგილას მართლა არის მოსახლე, მე რაც ვნახე ჩემი თვალით, ღებში და პატარა ღებში, რომლებიც არიან რისკის ზონაში და შეიძლება იქ გასახლებებიც დაგვჭირდეს. ამიტომ როგორც კი გზა გაიხსნება, შესაბამისი სამსახურები, გეოლოგები ამოვლენ ყველა ამ სოფელში, შეისწავლიან როგორც ნიადაგს, ასევე ღვარცოფულ ქანებს და იქნება ეს გადაწყვეტილებები მიღებული, რომელიც აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ არც ერთი ჩვენი მოქალაქე რისკის ქვეშ არ დადგეს“, – განაცხადა გახარიამ.

Facebook Comments

ახალი დადებული